საქართველოს გზა ევროპისკენ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამ მოვლენას ეხმაურება

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უერთდება ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და თავისი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანში.
საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი კუტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც ევროპულ გზას ადგას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუშაობის შედეგად:
2016 წლიდან „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.
2017 წელს UNESCO-მ მცხეთა და გელათის მონასტერი საფრთხეში მყოფი მსოფლიო ძეგლების სიიდან ამოიღო.
2018 წელს UNESCO-მ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
2019 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს!
ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი საქართველო გერმანიასთან ერთად გახდა. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში ესპანეთის, იტალიის და პორტუგალიის სახით ამ დრომდე მხოლოდ 3 ქვეყანა იყო გაწევრიანებული.
2019 წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა!
ქვეყნის სახელით, ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველო პრეისტორიული ხელოვნების ევროპული მარშრუტის მე-8 სრულუფლებიანი წევრია.
2019 წელს ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის”, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა!
ევროკომისიამ და „ევროპა ნოსტრამ“, შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.
კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. აღნიშნული პროექტი 2014-2018 განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები