მამუკა მდინარაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია

0

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც იმ კრიტერიუმების განსაზღვრას შეეხებოდა, რომლითაც უკვე არჩეული 14 მოსამართლე შერჩევა მოხდა.

მდინარაძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოუწიათ.

„თქვენ ნახეთ როგორ დაემთხვა გუნდის პოზიცია ერთმანეთს და ეს არ ყოფილა შემთხვევით. რადგან უკვე კენჭისყრა დასრულდა, ახლა უკვე შემიძლია ამაზე საუბარი და მიზეზებიც ნათელი გახდება. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვცადეთ, რომ ერთმანეთისთვის დაგვემთხვია პოზიციები, იმიტომ რომ იმდენი კითხვა ისმებოდა კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში, ეს ყველაფერი რომ გამოგვერიცხა, შეიძლება მხოლოდ 4 ან 5 კანდიდატი აგვერჩია. ეს იქნებოდა სასამართლოს დაღუპვა, ამიტომ გარკვეულ კომპრომისებზე ჩვენ თვითონ მოგვიწია წასვლა. რაში მდგომარეობდა ე.წ. კომპრომისი? საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა წესით კომპლექტდება სასამართლო – საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებობს სამი პალატა – სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პალატა. მათი გამართულად მუშაობისთვის მინიმუმ 28 მოსამართლეა საჭირო. თითო პალატაში გათვალისწინებულია მინიმუმ სამი კოლეგია. დღეის მონაცემებით დაახლოებით 6 ათასამდე საქმეა დაგროვილი. სამი კოლეგიიდან მინიმუმ ორი თუ არ დაკომპლექტდა, გამორიცხულია, რომ ელემენტარული საქმიანობა და სწრაფი მართლმსაჯულება შეძლოს მოსამართლეთა კორპუსმა. ამჟამად არის 7 თუ 8 მოსამართლე და რამდენიმე თვეში რიგ მოსამართლეებს გასდით ვადა და რჩება მხოლოდ ოთხი მოსამართლე. აქედან გამომდინარე ჩვენ მინიმუმ 14 მოსამართლე გვჭირდებოდა ამ ოთხის გარდა, იმისთვის რომ ორ-ორი კოლეგია მაინც დაკომპლექტებულიყო. ჩვენ ამ რიცხვზეც ავიღეთ აქცენტი და იურიდიული კომიტეტის რეკომენდაციაც გუნდის ამ პოზიციას დაემთხვა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი