ირმა ნადირაშვილი: ბატონმა ჩემმა კოლეგა “ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს

“ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი “ქართული ოცნების“ დეპუტატების ბრალდებებს პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოწვეულ სუნთან დაკავშირებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოლეგების მხრიდან მოსმენილი კომენტარებით გაოცებულია.

მისივე თქმით, მისკენ უაპელაციოდ ხელის გამოშვერა უხერხულია.

“გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან, მგონი, ბატონმა ჩემმა კოლეგა “ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს. დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება – იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები. მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს. არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და უაპელაციოდ ხელის გამოშვერა,“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატი ამ საქმეზე მისთვის ბრალის წაყენებასაც არ გამორიცხავს.

“მას შემდეგ რაც მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოსიტი სცემა, ყველაფერი მოსალოდნელია ამ ხელისუფლებისგან. თუ გიგი უგულავას შეუძლია ბრალი წაუყენონ ძიუდოისტის ცემაზე, მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია. ძალიან მალე დამტკიცდება, რომ ეს ასე არაა,“ – განმარტა ნადირაშვილმა.

პარლამენტის შენობაში მძაფრი, სპეციფიკური სუნის დაყენება “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებით “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების, ირმა ნადირაშვილისა და ლელა ქებურიას შესვლას დაემთხვა.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დასხმული გაურკვეველი ნივთიერების გამო, პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.

ჯერჯერობით უცნობია, ნივთიერების შემადგენლობა, თუმცა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომა შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები