სოფიო კილაძე: ძალადობა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მის საგარეო იმიჯს აზიანებს

ძალადობა აზიანებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და მის საგარეო იმიჯს. კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხის პრობლემების მოგვარებას და არა ვიღაცის ხელისუფლებაში მოსვლას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკა ხალხის პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს.

„ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი და დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები განსხვავებულ აზრს გამოხატავენ იმგვარად, რომ სხვას შეურაცხყოფას არ აყენებენ. ბულინგი, სიძულვილის ენა, ცემა-ტყეპა და დაპირისპირება, სცილდება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის და შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებას და ამას სახელად ჰქვია ძალადობა. ძალადობა კი აზიანებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ისე, როგორც მის საგარეო იმიჯს. კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხის პრობლემების მოგვარებას და არა ვიღაცის ხელისუფლებაში მოსვლას”,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

სოფიო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე ისაუბრა.

„2019 წელი ქართული სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების კუთხით ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. პოლიტიკური მღელვარების ფონზე მნიშვნელოვანი იყო ბალანსის დაცვა ადამიანის უფლებებს და საზოგადოებრივ მართლწესრიგს შორის. მე, როგორც უფლებადამცველი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი, ვისურვებდი, რომ 20 ივნისის პროტესტი დასრულებულიყო მშვიდობიანად, დასრულებულიყო ადამიანების დაზიანების გარეშე. თუმცა, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ძალის გადამეტების თითოეულ შემთხვევას შესაბამისი, ადეკვატური, სამართლიანი პასუხი გაეცეს და ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს”,- განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე და მის გასათავისუფლებლად საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. სოფიო კილაძე თავის გამოსვლაში ასევე შეეხო გამოწვევებს შრომითი უსაფრთხოების და შრომითი უფლებების, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის, უმცირესობის უფლებების, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისებზე მაღალი ფასების დარეგულირების მიმართულებით.

“ამ გამოწვევების პარალელურად, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პირველ რიგში აღვნიშნავდი ბავშვის უფლებათა კოდექსს. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს საქართველო შეხვდა მნიშნელოვანი ცვლილებებით ჩვენი ბავშვებისთვის და მათი დაცვისათვის. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კუთხით ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილებები, ვფიქრობ, მომავალში ბევრ ტრაგედიას აგვაცილებს თავიდან”,-განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოციალური მუშაკების რეფორმის მიმართულებით და 2020 წლის 1 იანვრიდან, სოციალურ მუშაკებს ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები