„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – „საქართველოს სინფონიეტას“ და უნგრელი ჩელისტის, ბალაჟ მატეს კონცერტი გაიმართა

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დასასრულს უახლოვდება და სულ ორი კონცერტი დარჩა. 7 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა „საქართველოს სინფონიეტასა“ და უნგრელ ჩელისტს, ბალაჟ მატეს დაეთმო.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან უთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა, „საქართველოს სინფონიეტამ 2015 წელს დააარსა და წელს ფესტივალის 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა არაერთი კონცერტი და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული, თუ მარიონეტული წარმოდგენა. ასევე ჩატარდა საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან: მხატვარ გია ბუღაძესთან და ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან.
შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგრძელდება და 10 დეკემბერს, შედგება შეხვედრა მუსიკისმცოდნე თამარ ჩხეიძესთან, ხოლო შეხვედრების ციკლს 11 დეკემბერს გიორგი კეკელიძე დაასრულებს. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 13 დეკემბერს მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავების საზეიმო კონცერტით დასრულდება, მანამდე კი, 7 დეკემბერს, ბალაჟ მატე და „საქართველოს სინფონიეტა“ დაუვიწყარი საღამოთი წარდგება მსმენელის პირისპირ. შესრულდება ჰენრი პერსელის, არქანჯელო კორელის, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელისა და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის მუსიკა.

ჩელისტი ბალაჟ მატე (1965 წ. ბუდაპეშტი) სწავლობდა ბ.ბარტოკის კონსერვატორიასა და ფ. ლისტის მუსიკის აკადემიაში, ბუდაპეშტში. 1986-92 წ. წ.-ში ის უნგრეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის წევრი იყო. ბალაჟ მატე გახლავთ ჰააგას (ნიდერლანდები) ბაროკოს ჩელოს სპეციალობის კურსდამთავრებული იააპ ტერ ლინდენის ხელმძღვანელობით, ზალცბურგის მოცარტეუმში კამერული მუსიკის გაკვეთილებს კი ნიკოლაუს არნონკურთან გადიოდა. იგი არის  დამფუძნებელი და წევრი  ანსამბლებისა:  „Concerto armonico Budapest”, „Trio Cristofori” და „The Rare Fuits Council”. სხვადასხვა წლებში ბალაჟ მატე გახლდათ მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბაროკოს ორკესტრების წევრი, როგორიც არის 1991-„Le Concert des Nations (J.Savall), 1994- „Wiener Akademie” (M.Haselböck), 1996-2003 „Les Musiciens du Louvre” (M.Minkowski) და სხვა. ის ხშირად გამოდის სხვა ორკესტრებთან ერთადაც, მაგალითად როგორიც არის „Café Zimmermann” (P.Valetti), „Harmonie Universelle” (F.Deuter), „Concentus Musicus Wien” (N.Harnoncourt) და „Collegium 1704” (V.Luks). 1995 წელს დააფუძნა ძველი მუსიკის ანსამბლი Aura Musicale, ხოლო 2002 წელს მუსიკოსებთან: ლასლო პაულიკ, ერჟებეტ რაცთან და ევა პოსვანეცთან ერთად დააფუძნა Quartetto Luigi Tomasini. მისი სოლო დებიუტი ვენაში, მუსიკვერაინში 2000 წლის ოქტომბერში შედგა, სადაც ი. ჰაიდნის კონცერტი ქ. ჰოგვუდის დირიჟორობით შეასულა. მას გამართული აქვს არაერთი წარმატებული კონცერტი ევროპაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, კოლუმბიასა და იაპონიაში.
ბალაჟ მატე ცნობილია როგორც ბაროკოს ჩელისტი, ასევე დიდი წარმატებით უკრავს ჩელო პიკოლოზე და ბას ვიოლინოზე. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი კვლევები მივიწყებულ კომპოზიტორებსა და ნაწარმოებებზე. იგი  „ავსტრიის ბაროკოს აკადემიასა“ და „ევროპის ბაროკოს ორკესტრში“ ჩელოს პედაგოგი გახლავთ. 2010-12 წ.წ.-ში ბალაჟ მატე გახლდათ ლაიფციგის ფ. მენდელსონ ბარტოლდის მუსიკის აკადემიის პროფესორი ჩელოს სპეციალობით. მას არაერთი მასტერკლასი აქვს ჩატარებული კალიფორნიის (აშშ), კეიპ თაუნის და სტელენბოში (სამხრეთ აფრიკა), კორდოვას (არგენტინა) და ბუენოს აირესის უნივერსიტეტებში; აგრეთვე “რინგვეში“ (ტრონდჰაიმი, ნორვეგია), გალაროსაში (ესპანეთი) და სხვა. 2016 წელს, ბუდაპეშტის ფ. ლისტის აკადემიაში, როგორც დირიჟორმა მან პირველად დადგა ოპერა, ეს იყო  ა. ჩესტის „ორონტეას“ უნგრული პრემიერა. 2010 წელს ბალაჟ მატეს, მუსიკის სფეროში შეტანილი წვლილისათვის უნგრეთის სახელმწიფო ჯილდო, ლისტის პრიზი გადასცეს. მას როგორც დირიჟორსა და ჩელისტს ჩაწერილი აქვს არაერთი კომპაქტ-დისკი, რომელიც შეიცავს ი. ს. ბახის ყველა სიუიტას ჩელოსათვის; კ. ფ. ე. ბახის, გ. მ. მონის და ჯ. ბ. ჩირის კონცერტებს; აგრეთვე ე. სიპრუტინის, ს. ლანცეტის და ა. კრაფტის ჩელოს სონატებს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები