შოთა გულბანი: ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტით საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მტკიცდება
ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტით, საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მტკიცდება,- ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.
“გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის დაწყებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. თავისი ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების და გეოპოლიტიკური შინაარის მიხედვით პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელს უქადის. მათ შორისაა გაზრდილი წილი გატარებული ბუნებრივი აირიდან. კერძოდ: აქამდე “შაჰდენიზის“ გაზსადენით, საიდანაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება გაზი, საქართველო გატარებული გაზის 5%-ს ღებულობს, რაც 300 მილიონი კუბური მეტრი გაზია, ხოლო ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროპას მიეწოდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს. ამ პერიოდისათვის მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ხოლო დასაწყისისთვის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
ამ პროექტით კიდევ უფრო მტკიცდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. კერძოდ, “TANAP”-ის პროექტის გაგრძელება ტრანს-ადრიატიკული მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენთან რაიმე საფრთხე შეექმნა მილსადენს მაგალითად აგრესორი ქვეყნის მხრიდან, პრობლემა შეექმნება ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირით მომარაგების ნაწილში, რაც დამატებითი გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ახლა უნდა დავჯდეთ და კარგად მოვიფიქროთ, საქართველოში დარჩენილი გაზის წილით როგორ ვისარგებლოთ მაქსიმალურად ეფექტურად”,- წერს გულბანი.
ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.