“ცხოვრებას რასაც დაუთმობ, იმას წაგართმევს“ – ქუთაისელი ჟურნალისტისა და პოეტის, ანა ლორთქიფანიძის ისტორია

შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ამის ნათელი მაგალითი ქუთაისელი ანა ლორთქიფანიძეა. საკუთარ ისტორიას იგი “რეგიონულ კვირას” უამბობს.
ანა 1990 წელს, წყალტუბოში დაიბადა, თუმცა ბავშვობიდან ქუთაისში ცხოვრობს. დიაგნოზი – ცერებრალური დამბლა, დაბადებისთანავე დაუსვეს. როგორც ანა ამბობს, გაუმართლა რომ კარგი ოჯახი ჰყავს. ბავშვობაშიც  ისეთ კარგ სკოლაში მოხვდა, როგორიც კერძო სკოლა „გონი“ იყო. სკოლაში მას თბილი და მეგობრული გარემო დახვდა. ხელოვნებისა და რელიგიის ისტორიის ფაკულტეტი დაამთვარა. ისწავლა კომპიუტერული გრაფიკა.
მოგვიანებით, ბავშვობის ოცნება აიხდინა და ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა. პროფესიით ცოტა ხანს იმუშავა.  ამ ეტაპზე, პროფესიით ვერ მუშაობს, რადგან შესაბამისი, ადაპტირებული გარემო სჭირდება. ბარიერების მიუხედავად, აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგში, წერს ლექსებს და უკვე დაიბეჭდა მისი ორი წიგნი.

ანა ჰყვება, რომ დიაგნოზმა მის ცხოვრებაზე დადებითი გავლენაც იქონია, რადგან საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარა. 
„დიაგნოზი დაბადებიდან დამიდგინდა. ამან გარკვეულწილად, დადებითი გავლენაც იქონია ჩემზე, იმიტომ, რომ მე ასეთად შევეთვისე საკუთარ თავს. თავიდან საზოგადოების მხრიდან იყო გაუცხოების მომენტი, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვინ დაგიდგება გვერდით”,- ყვება ანა ლორთქიფანიძე.

ანას სირთულეების დაძლევაში ოჯახი დაეხმარა. ის მნიშვნელოვან მონაპოვრად განათლებას თვლის და ამბობს, რომ მიღებული განათლება ცხოვრებაში ძალიან ეხმარება.

“ჩემი პირველი მხარდამჭერი იყო და არის ჩემი ოჯახი. მადლობა მათ, რომ მთავარ ღირებულებად განათლება ჩათვალეს. დღეს, თუ შემიძლია ჩემი უფლებების დაცვა, ჩემი სათქმელი ვთქვა, სწორი ფორმულირება გავაკეთო, ასევე სხვისი პრობლემებიც დავსვა- განათლების დამსახურებაა. .მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა მომცეს, იმ პირობებში, როცა საზოგადოების ცნობიერების კუთხით რთული სიტუაცია იყო”,- იხსენებს ანა.

ანას თქმით, მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სკოლამ ითამაშა. მადლობელია თავისი კლასელების, პედაგოგებისა და დირექტორის, რადგან მათი მხრიდან ყოველთვის გრძნობდა მხარდაჭერას.

“სკოლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში.  განთლებასთან ერთად მომცა მხარდჭერა, სიყვარული,სიკეთე და ყველაფერი დადებითი მოდიოდა ჩემი პედაგოგებისგან. ამ სკოლის დირექტორი – ქალბატონი დარეჯან ჩხირაძე, პირველი იყო ქუთაისში, რომელმაც ინკლუზიური განათლება დაგეგმა და განავითარა. მე ვიყავი პირველი მერცხალი, ვინც შეფრინდა მათ საკლასო ოთახში. გამიმართლა კლასელებშიც. მე თუ დღეს რაღაცისთვის ვიბრძვი და ძალა მაქვს, არის ამ ქალბატონის სიტყვების დამსახურება. მან მითხრა, რომ ჩემი სჯეროდა. სჯეროდა, რომ ყველაფერს შევძლებდი. ეს სიტყვები დღემდე მაძლევს ძალას გავაკეთო ყველაფერი უკეთ და ვუთხრა ჩემს თავს, რომ მე ამას შევძლებ. ასეთი ადამიანები მინდა რომ ბევრი იყოს“,- ამბობს ანა.

ანა აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს.  ლექსებს წერს. მისი ერთი წიგნი „მუზა იდუმალი“ ქუთაისის მერიის, ახალგაზრდობის და სპორტის საქალაქო სამსახურის მრავალ პროფილიანი საგანმანათლებლო ცენტრ – კომპლექს ,,გონის,, თანადგომით, 2010 წელს გამოიცა. მეორე კი „ცის იმედად“ მომზადდა და დაიბეჭდა ფონდ ,,სიცოცხლის ხის,, მხარდაჭერით, 2015 წელს. პოეზიასთან ერთად, დაკავებულია სხვადასხვა სოციალური აქტივობით და მონაწილეობს ტრენინგებსა თუ სემინარებზე.  მუდმივად ცდილობს ცოდნა გაიღრმავოს და იმ ადამიანებსაც დაეხმაროს, ვისაც საზოგადოების დამოკიდებულება და ბარიერები აბრკოლებს.

თუკი თვითონ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ გარეთ გამოვიდეთ და დავიმალებით, ვერავინ ვერ მიხვდება, რომ ვარსებობთ. ჩვენ თუ გამოვალთ და ხმამაღლა ვიტყვით,  რომ ამ სამყაროში უნდა ვიყოთ ბედნიერები, ვიქნებით კიდეც. ასეთი პრინციპი მაქვს : ცხოვრებას, რასაც დაუთმობ ,იმას წაგართმევს. თუ ჩვენ არ დავუთმობთ ცხოვრებას და ვაჯობებთ, ბედნიერებიც ვიქნებით. ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაღაც პრობლემა, ვეტყოდი – დაფიქრდით, იდეალური ამ სამყაროში არავინაა. როცა სადმე მივდივარ, თავიდან შეცბუნებული სახებით მიყურებენ, მაგრამ როცა საქმეში ჩავერთვები მიმეგობრდებიან. დღემდე არსებობს საზოგადოებრივი სტერეოტიპები და მნიშვნელოვანია ბაღის ასაკიდან მოხდეს ცნობიერების ამაღლება“,- ამბობს ანა ლორთქიფანიძე. 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები