აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა

0

საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის უფლებამოსილმა პირმა მოაწერეს ხელი.

“მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებულ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც სრულად ასახავს ჩვენს პრიორიტეტებს. დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად საქართველო წვრთნების მიმღები ქვეყნიდან წარმატებით ყალიბდება დამოუკიდებელ პარტნიორად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის დონისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები მდგრადი საბრძოლო შესაძლებლობებითა და თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებით.
ჩარჩო-ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს გამოიხატება ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი წვლილით. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს შორისაა: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების პროგრამა, ინსტიტუციური რეფორმები ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების მიმართულებით და სხვა.

დოკუმენტი 2018 წლის აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიას, საქართველოს ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიას 2020-2030, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავის ერთობლივ დეკლარაციას ეფუძნება.

კომენტარები

კომენტარი