ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დახმარება, ჩვენთვის არის ფასდაუდებელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა პენტაგონში ოფიციალური ცერემონიალით აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საპატიო ყარაულის მარში ზალპით დასრულდა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე.

“ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის სახელით პენტაგონში ვუმასპინძლო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და აფასებს ქართველი სამხედროების მსხვერპლს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა დევიდ ნორქვისტმა.

პენტაგონში გამართული შეხვედრის განხილვის მთავარ თემას აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება წარმოადგენდა, რომელსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ მოეწერა ხელი. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია გვაქვს, რომელიც დაგვირგვინდა ბევრი წარმატებული რეფორმით, პროგრამით, საერთო საქმით. გამოვყოფდი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) და საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC), რომელიც ჩვენი წარმატების თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და აშშ-ის მხარდაჭერით საქართველო სანდო სტრატეგიულ პარტნიორად და რეგიონულ მოკავშირედ ჩამოყალიბდა.

“კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ აშშ-ის, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დახმარება, ჩვენთვის არის ფასდაუდებელი და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე აშშ-თან და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრულ თავდაცვის ტრანსფორმაციის მიმართულებებს და თავდაცვის ძალების მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით დაგეგმილ რეფორმებს. განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და აშშ-ის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები