ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

0

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიას მოდერატორობას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უწევდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„2019 წელს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 27 წლისთავი აღინიშნება, 25 წელს ითვლის საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატს შორის პარტნიორობა, ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებიდან 10 წელი გავიდა. ამ 27 წლის განმავლობაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ განვავითარეთ ღრმა, მტკიცე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, ერთად გავიღეთ მსხვერპლი და მომავალშიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ მისიის შესრულებას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დასაწყისში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.

„9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე „ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიცაზია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საქართველოს ნატო-სთან სტრატეგიულ დისკუსიაშია ჩართული და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მან, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების პერსპექტივების განხილვას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დისკუსიის მონაწილეებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, სამხედრო განათლებასა და წვრთნებს, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება სტრატეგიული მზადყოფნის ცნებას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა „სტრატეგიული მოთმინებით“ მზად ვიყოთ ნატო-ში გაწევრიანებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რაც ასახულია კონსტიტუციაშიც და ცხადყოფს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას. მინისტრმა მონაწილეებს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გამართავს შეხვედრას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი