გარეგინ ნჟდე: სომეხი ხალხის გმირი, თუ კოლაბორაციონისტი?
ვინ არის გარეგინ თერ-არუთუნიანი, იგივე გარეგინ ნჟდე, რომელსაც სომხეთში ეროვნულ გმირს უწოდებენ, თუმცა ამ მიდგომას არ ეთანხმება აზერბაიჯანი და რუსეთი.
დავიწყოთ ბოლო მოვლენებით, რომელიც გარეგინ ნჟდეს უკავშირდება. კერძოდ, ნოემბრის დასაწყისში კრასნოდარის ოლქის, არმავირის საქალაქო დუმის დეპუტატმა ალექსი ვინოგრადოვმა არმავირში, სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე, გარეგინ ნჟდეს მემორიალური დაფა შავი საღებავით გადაღება. აღნიშნულს რუსეთში სომხეთის საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატის ქმედება განიხილება ვანდალიზმად, თვითნებობას წარმოადგენს და კანონიერ წესებს ეწინააღმდეგება.
„აღნიშნული ქმედება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს ეწინააღმდეგება და შესაძლოა, ეროვნებათშორისი დაძაბულობა გამოიწვიოს“, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
წლების წინ არმავირში მემორიალური დაფის განთავსებამ, რუსული საზოგადოებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების შეშფოთება გამოიწვია. მემორიალური დაფის დემონტაჟის მოთხოვნას სომხეთის სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ.
მოდით ჩავუღრმავდეთ ისტორიას, ვინ არის გარეგინ ნჟდე, სომეხი ისტორიკოსების აზრით, ის არის XX საუკუნის დასაწყისის სომხეთის ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირი, სომხეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მან „ცეხაკრინიზმს“ – სომხეთის ნაციონალისტური იდეოლოგიის კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი.
ბალკანეთის I ომის დროს, ბალკანეთის ქვეყნებში მცხოვრებმა სომხებმა მათ მთავრობებს დაუჭირეს მხარი ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლის საკითხში. ნჟდე 1912 წელს ამ ომში ჩაება და რამდენიმე ასეული სომეხი მოხალისის შეკვრა შეძლო.
1930 წლებში ნჟდემ ე.წ. „მშობლიური პატრიოტიზმის“ პროპაგანდა დაიწყო, რომელიც არის „უცხო გარემოს რეაქციის წინააღდემგ მიმართული იდეა, რომლიც კაცობრიობას ემუქრება“. მეტიც, მან ახალგაზრდულ ჯგუფს „ცეგაკრონს“ ჩაუყარა საფუძველი, რომლის ფილიალები გაიხსნა აშშ-ში, ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, ანუ ადგილებში სადაც სომხები არია კომპაქტურად დასახლებული.
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ექსპერტი, მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორი ვაგე სააკიანი აღნიშნავს, რომ ნჟდე „ცეგაკრონის“ დაარსების დროს 1930 წლებში პოპულარული რასისტული თეორიებითადა და იდეოლოოგით იყო შთაგონებული.
ბრიტანელმა ჟურნალისტი, თანამედროვე სამხრეთ კავკასიის კვლევის ავტორი ტომას დე ვაალი კი, წერს, რომ ნჟდეს სტილი და ლოზუნგები ევროპაში იმ დროს მოქმედი ფაშისტური მოძრაობებისგან იყო კოპირებული. მისი აზრით, ნჟდე ორგანიზაციის დაფუძნების დროს, წმინდად ფაშისტური აზროვნების გახლდათ.
აღნიშნული ორგანიზაციის დევიზი იყო „სომხეთი-სომხებს“.
1940 წელს ნჟდე ბერლინთან ამყარებს კავშირებს, რისი მიზანიც თურქეთზე თავდასხმა და ვერმახტის შემადგენლობაში სომხური სამხედრო ნაწილების შექმნა იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, გარეგინ ნჟდე გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობდა იმისთვის, რომ გერმანელების მიერ ამიერკავკასიის დაკავების შემთხვევაში, საბჭოთა სომხეთში თურქეთის თავდასხმის არიდება და გერმანიის დახმარებით სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა მომხდარიყო.
1942 წელს ნაცისტური სამხედრო ადმინისტრაციის მიერ სომხური ეროვნული საბჭო შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი წევრიც გარეგინ ნჟდე იყო. აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სასამართველომ, „ნაცისტების სამხედრო დანაშაულების გასაჯაროების“ კანონის თანახმად, გამოაქვეყნა მასალა, რომელიც 1945 წლის 1 სექტემბრით თარიღდება. მასალაში ნათქვამია, რომ სომხეთის ეროვნულმა საბჭომ, რომლის წევრიც ნჟდე იყო, თავის დროზე ნაცისტების მინისტრს მიმართა წინადადებით, რომ საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე გერმანული კოლონია შექმნილიყო. ნჟდე ასევე საბჭოთა ტყვე-სომხების აგიტაციაში მონაწილეობდა, რომლის მიზანი იყო ე.წ. სომხურ ლეგიონში მოხალისეთა აყვანა. ლეგიონის ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კავკასიის ბრძოლებში იყვნენ ჩართული, მოგვიანებით კი – დასავლეთის ფრონტზე.
ბულგარეთის ტერიტორიაზე ომის დროს, ნჟდეს მიერ სომხური წარმოშობის 30 აგენტი ახორციელებდა საქმიანობას. ის მათ დივერსიულ მომზადებასა და საბჭოთა არმიის რიგებში მათ გადასროლაში აქტიურად მონაწილეობდა.
ნჟდეს საკითხთან დაკავშირებით აზრის სხვადასხვაობა დღესაც შენარჩუნებულია. 11 ოქტომბერს აშხაბადში, დსთ-ს ქვეყნების საბჭოს სხდომაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს ნჟდე გაახსენა და თქვა, რომ ის ნაცისტების მხარეს იბრძოდა და სომხეთის წინა მთავრობებმა ის „ეროვნულ გმირად“ გამოაცხადეს.
მან სომხეთის პრემიერს მოუწოდა, ერევანში გახსნილი ძეგლი აიღონ.
ილჰამ ალიევმა გამოსვლის დროს ომში აზერბაიჯანის როლის შესახებ ისაუბრა და დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი ფაშისტების გმირად გამოცხადებას ეწინააღმდეგებოდნენ.
„სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდება დსთ-ს სივრცეში, კერძოდ, სომხეთში, სადაც წინა ხელისუფლებამ გარეგინ თერ-არუთუნიანს ძეგლი დაუდგა, რომელიც ფაშისტებთან მსახურობდა და მას გარეგინ ნჟდეს სახელით იცნობდნენ. ამჟამინდელ ხელისუფლებას მისი ძეგლის დემონტაჟი არ მოუხდენია“, – თქვა ალიევმა.
ფაშინიანმა, თავის მხრივ, ომში სომხების წვლილზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ილჰამ ალიევის სიტყვებიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ომში ჰიტლერს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა და ნაცისტური მოძრაობის ლიდერი გარეგინ ნჟდე იყო. ნჟდე თურქეთის მიერ სომხეთის ოკუპაციის და სომხების გენოციდის წინააღმდეგ იბრძოდა“.
გარდა იმისა, რომ ილჰამ ალიევმა საკითხთან დაკავშირებით დსთ-ს ქვეყნების ლიდერების ყურადღება მიიქცია, მან ასევე მიმართა მსოფლიოს ებრაული თემების წარმომადგენლებს და ნაციზმის მსხვერპლთა მემკვიდრეებს – დაფიქრდნენ იმაზე, რომ სომხეთში ნაცისტური დამნაშავეების რეანიმირება ხდება. აღნიშნულს სიმონ ვიზენტალის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე, რავინ აბრახამ კუპერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სომხეთში ანტისემიტიზმი არსებობს“.
თვითონ რუსეთში, მაგალითად სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა ღიად განაცხადა, რომ მისთვის „როგორც ადამიანისთვის, რომელიც დსთ-ს საქმეთა კომიტეტს ხელძღვანელობს, გარეგინის სახელობის დაფა – წითელი ტილოა“. „სანამ მის ლიკვიდირებას არ მოვახდენ – არ დავშვიდდები“,- აღნიშნა კალაშნიკოვმა.
საკითხის კომენტირებისას რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა იური ჟუკოვმა შემდეგი რამ განაცხადა:
„ჰიტლერი და ნაციზმი კაცობრიობის წყევლაა, როდესაც მსოფლიო ფიქრობს, იყო თუ არა 1915 წლის მოვლენები სომხების გენოციდი, სირცხვილია, რომ ერევანში ასეთი განწყობაა. სომხები „გაერთიანებული, ან დიდი სომხეთის“ კონცეფციის რეალიზებით იყვნენ შეპყრობილნი და ამის მიღწევას ერევნის გუბერნიის და აღმოსავლეთ თურქეთის ხარჯზე გეგმავდნენ. შესაძლებელია, რომ „დაშნაკცუტუნის“ ნაციონალისტებს სომხეთის დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურდათ, მაგრამ ჰიტლერთან თანამშრომლობა გაამართლეს“.
ქართველი მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, როგორი ფიგურაა გარეგინ ნჟდე, შეგვიძლია გავიხსენოთ შალვა მაღლაკელიძე, რომელიც ვერმახტში ქართულ ლეგიონს ხელმძღავნელობდა. 1941 წლიდან, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე თავისი ვაჟით გაიოზით, რომელსაც ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ქართულ ლეგიონს, რომელიც 1941 წელს ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად. ლეგიონში იბრძოდა 30 300 ქართველი ემიგრანტი. ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერისა და სს-ის ქვედანაყოფებში. მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბოლშევიზმისგან გათავისუფლებას. 1943 წელს მაღლაკელიძის ნაწილები უკვე კავკასიონთან იმყოფებოდნენ. ლეგიონის საქართველოში შემოსვლისთანავე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. გერმანელებმა საჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს და ამ გეგმის აღსრულება ვერ მოხერხდა. 1944 წელს, დაბადების 50 წლისთავზე, შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.