რას ყვება ვაჟა გაფრინდაშვილის თანამესაკნე ექიმზე – “ცხინვალის ციხეში მისი მოხვედრის შემდეგ პატიმრებს კვება დაუნიშნეს”

ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მოხვედრამდე პატიმრებთან არც ექიმს უშვებდნენ და არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი, ერთჯერადი კვება დანიშნეს – წიწიბურა და მცირეოდენი პური.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ვაჟა გაფრინდაშვილის თანაკლასელ სოფელ ბერშუეთის მცხოვრებზე, შოთა ბიძინაშვილზე დაყრდნობით წერს, რომელმაც გარინდაშვილთან ერთად ციხის საკანში 5 დღე გაატარა.

როგორც “თავისუფლება” წერს, ვაჟა გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვარი შეგნებულად, პროტესტის ნიშნად დაარღვია, მას სურვილი აქვს, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვალოს.

„ბიძინაშვილი ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შელაპარაკებისა და ჩხუბის შემდეგ დააკავეს. ბიძინაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ თავში კონდახი მოხვდა. ცხინვალის იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს. მისთვის არც ექიმი მიუყვანიათ და არც წამალი მიუციათ. 9 ნოემბერს მასთან საკანში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიყვანეს, რომელმაც ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და ბადრაგს ეუბნებოდა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაუშვებელია.

ბიძინაშვილი საკანში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით აციებდა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა. თანაკლასელი პაციენტისთვის ცხელ ჩაის ითხოვდა, მაგრამ ამასაც არ აწვდიდნენ. ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს – წიწიბურა და მცირეოდენი პური. სხვა ექიმი თვალით არ უნახავთ. ბიძინაშვილის გადმოცემით, ვაჟა ექიმი სულ ამბობდა, რომ საპატიმროში „წითელი ჯვარი“ მუდმივად უნდა შედიოდეს და იზოლატორში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. პატიმრების საკანი ნესტიან სარდაფში იყვნენ. ბიძინიშვილი დარწმუნებულია, რომ ექიმს მალე გაათავისუფლებენ“, – წერს „რადიო თავისუფლება“.

დღეს ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩადიან, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექიმის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები