ნინო ლომჯარია: მნიშვნელოვანი იყო შსს-ს განცხადება, რომ მისი პოლიტიკა დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ მკაცრი იქნება

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის გამართვასთან დაკავშირებით, შს სამინისტროს მიერ დღეს გაცხადებული პოზიცია მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, მათ ქმედებაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული, სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება და სამართალდარღვევების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება. დღეს შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული და სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება.
მნიშვნელოვანი იყო შსს-ს დღევანდელი განცხადება, რომ მისი პოლიტიკა იქნება მკაცრი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ. შსს-მ ასევე აქცენტი გააკეთა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და დაცული უნდა იყოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არავინ ემუქრება მათ, რომ არ მისცემენ მშვიდობიანი გამოხატვის შესაძლებლობას, დაარბევენ ან ჩაუშლიან დემონსტრაციას. პირიქით, ისინი ემუქრებიან სხვებს.
იმედს გამოვთქვამ, არავინ გაცდება მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და იმოქმედებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე.

​ცნობისათვის, დღეს შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ისინი დაიცავენ, როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები