ნინო გოგუაძე: იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ისევე როგორც თქვენ, სხვა კოლეგებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, თავისი კანდიდატურა დაესახელებინათ ამ პოზიციაზე?
იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ისევე როგორც თქვენ, სხვა კოლეგებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, თუ მათ ასეთი სურვილი ჰქონდათ, მიეღოთ მონაწილეობა და თავისი კანდიდატურა დაესახელებინათ ამ პოზიციაზე?, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ უზენაესი სასამართლოს უვადოდ განწესებულ მოსამართლის წევრობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ნინო გოგუაძე 2018 წლის დეკემბერში, პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა ე.წ. ათკაციან სიაში ნინო ქადაგიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხით დაინტერესდა.
“თქვენ ბრძანდებოდით იმ ათკაციან მოსამართლეთა სიაში, რომელიც პარლამენტს დეკემბერში გადმოეგზავნა. თქვენ რომ გვითხრათ როგორი იყო თქვენი ამ სიაში მოხვედრის ისტორია და იცოდით თუ არა სხვა კანდიდატების შესახებ, ვინც თქვენთან ერთად სახელდებოდა უზენაეს სასამართლოში კანდიდატებად? ჩემი კითხვის არსი მდგომარეობს შემდეგში – ის, რომ მოსამართლეების მცირე ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მათი კანდიდატურა განხილული ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ბევრ მოსამართლეს ამისი შესაძლებლობა არ ჰქონდა, თქვენთვის, როგორც მოსამართლისთვის, როგორი იყო ეს საკითხი, რისი ნიშანი იყო თქვენთვის? თქვენც შეიძლება ყოფილიყავით მათ შორის, ვისაც შეიძლება შესაძლებლობა არ მისცემოდა. იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ისევე როგორც თქვენ, სხვა კოლეგებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, თუ მათ ასეთი სურვილი ჰქონდათ, მიეღოთ მონაწილეობა და თავისი კანდიდატურა დაესახელებინათ ამ პოზიციაზე?”, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.