ხათუნა ლაგაზიძე: რაც არ უნდა დაუთმო რუსეთს, ის მაინც მეტის დათმობას გაიძულებს

მცოცავი ოკუპაციის პერიმეტრი არის ყულფი საქართველოს კისერზე, თორემ რუსეთს რომ დასჭირდეს, უმოკლეს ვადაში გაავლებს ამ ზღუდეებს, – ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრისას რუსეთისგან და სეპარატისტებისგან ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროვოკაციებს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მუქარის შემცველ განცხადებებსა და 24 ოქტომბერს ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლის დაკავებას.

“კვირის პალიტრასთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიზანი ქართველი საზოგადოების დაქსაქსულობაა.

“მცოცავი ოკუპაციის პერიმეტრი არის ყულფი საქართველოს კისერზე, თორემ რუსეთს რომ დასჭირდეს, უმოკლეს ვადაში გაავლებს ამ ზღუდეებს, მაგრამ პროცესს აჭიანურებს, ერთი მხრივ, ჩვენი საზოგადოების შიდა დაპირისპირებისთვის, მეორე მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ახლოვდება არჩევნები და, ალბათ, მისი მოქმედება უფრო პროვოკაციული გახდება. ერთგვარად აუხსნელია ისიც, რომ თუ ეს ხელისუფლება ყველაზე მეტად აწყობს რუსეთს, რატომ ამცირებს მას ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციით?! “ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ რუსეთის დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც არ უნდა დაუთმო რუსეთს, ის მაინც მეტის დათმობას გაიძულებს.

რუსეთის მიზანია, ქართველი საზოგადოება რაც შეიძლება დიდხანს იყოს დაქსაქსული და დაპირისპირებული, რათა საერთო ენა ვერ გამოვნახოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს კონცეპტუალურ საკითხებზეც კი. ამას კრემლი ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს. ვფიქრობ, ბოლოსდაბოლოს, ფართომასშტაბიანი დიალოგი უნდა დავიწყოთ, თუ როგორ მოვახერხოთ თავის დაცვა ამ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხისაგან, თუმცა ეს მასშტაბური რუსული საინფორმაციო ომის პირობებში, როდესაც რუსული პროპაგანდას ვერაფერს ვუპირისპირებთ, ძალიან რთული იქნება. ბოლო დროს ლაპარაკია, ბერლინის კედელივით ჩვენც ხომ არ ავაგოთ კედელი და ამ პერმანენტულ პროვოკაციებს წერტილი დავუსვათ. დავიწყოთ მშენებლობა დანარჩენ საქართველოში და როცა ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და ძლიერი გახდება და მსოფლიოც ამისთვის მზად იქნება, ვიფიქროთ გამთლიანების სხვადასხვა სცენარზე- ეს არის ერთ-ერთი ვერსია.რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლის დაკავებას, სიმართლე გითხრათ, არ ველი ევროკავშირისგან ქმედით ღონისძიებებს. ევროპა ძალიან პასიურობს, მით უფრო ახლა, როდესაც გაფაციცებით ადევნებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალს და საქართველოსთვის არ სცალია”, – განმარტა ლაგაზიძემ.

ექსპერტი ცნობილი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის “Heritage Foundation”-ის მკვლევრისა და ანალიტიკოსის, ლუკ კოფის “twitter”-ში გამოქვეყნებულ პოსტსაც აფასებს, სადაც კოფი ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში გაგზავნის შესაძლებლობაზე საუბრობს.

ლაგაზიძის თქმით, მსგავსი შეხედულება შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული.

“მსგავსი შეხედულება შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით: ახალქალაქი თურქეთთან ახლოსაა; აშშ-ის ინტერესების უფრო მკაფიოდ გამოხატვის შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონი სწორედ სამცხე-ჯავახეთია, სადაც რუსეთმა დესტაბილიზაცია შეიძლება მოინდომოს, და ამის პრევენციისთვის; მესამე- აშშ-ის ბაზა ნიშნავს უდიდეს ინფრასტრუქტურას, ბევრი სამუშაო ადგილით და ადგილობრივი მოსახლეობის გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური პირობებით.

ერთი საკითხიცაა- დღეს მსოფლიო ტოტალურ ფსიქოლოგიურ ომში ცხოვრობს და არ არის გამორიცხული, კოფის წინადადება გარკვეულწილად რუსეთის საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს. მოგეხსენებათ, ამგვარ იდეებს კრემლში ძალიან მწვავედ განიცდიან. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში რეაგირება მოჰყვეს ამას იგივე მცოცავი ოკუპაციის გააქტიურებით ან კიდევ რაიმე ფორმით. თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, ამ ეტაპზე და მხოლოდ კოფის განცხადების გამო რუსეთმა უფრო რადიკალური სამხედრო ნაბიჯები გადადგას. თუ კრემლში არ დაინახეს რეალური საფრთხე საქართველოსგან, მორიგ სამხედრო ფრონტზე არ წავლენ”, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები