დავით ზალკალიანი: საქართველოს საკითხს ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიციები უკავია

ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ადასტურებს ასევე იმას, რომ ჩვენ გვაქვს აშშ-ის საკანონმდებლო შტოს ორპარტიული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

“მინდა, პირველ რიგში, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიმართ ამ მართლაც უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტის მიღებისთვის. მხედველობაში მაქვს წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან ერთხმად დამტკიცება. რა თქმა უნდა, ამ აქტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები სენატში. შემდეგ უკვე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი მას მოაწერს ხელს, შევა ძალაში. მართლაც არის ყოვლისმომცველი და ტოლფასი საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის. ზუსტად ასეთი სახის პარტნიორობა გვსურს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ეს დოკუმენტიც განსაზღვრავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას. თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი უაღრესად დახუნძლულია მრავალი სერიოზული საკითხით და ამ დროს აშშ-ის მხრიდან ასეთი სახის მაღალი დოკუმენტის მიღება ხდება საქართველოსთან მიმართებაში, ადასტურებს იმას, რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და იმასაც, რომ საქართველოს საკითხს ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიციები უკავია“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა.

“ეს მართლაც ყოვლისმომცველი დოკუმენტია, განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა, უკვე გვაქვს და აუცილებელია ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე ჩვენი სურვილია, ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის დონე იყოს თანასწორი და თანაფარდი იმ ურთიერთობისა, რომელიც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამ დოკუმენტის მიღებას წინ უძღოდა 28 კონგრესმენის ერთობლივი წერილი, მიმართვა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლების მიმართ, სადაც სწორედ ამ საკითხზე არის ფოკუსირება და იმაზე, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, მეტი ფინანსური მხარდაჭერა, გვჭირდება ამერიკის მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტში და დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით არის კარგი საშუალება ურთიერთობის გაღრმავების“, – განმარტა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქტში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებით მინიშნება გაკეთებულია.

“მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში არის მინიშნება და ბმა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებით და შესაძლო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირების მიმართ, რომლებიც არიან შეყვანილი სიაში. ავალდებულებს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა შემზღუდავი ზომების მიღებასთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, ის მოიტანს ხელშესახებ შედეგს”,- აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრის შეფასებით, ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, ურთიერთობის ისტორიაში და საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, არ გვქონია.

“საუბარია ბევრი მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის კიბერ-უსაფრთხოებაზე, დახმარებაზე საქართველოსთვის, კერძოდ არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. საუბარია შესაძლო სანქციებზე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობა დაამყარონ ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთი სახის უპრეცედენტო, მაღალი დონის საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, ურთიერთობის ისტორიაში და საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, არ გვქონია. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ არის დასტური და ტოლფასი იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები