გრიგოლ ლილუაშვილი: მშვიდობიანობის ფონზე, თუ რამეს დაკარგავ ღირებულს, ეს მშვიდობა არ განიხილება, როგორც წარმატება
კითხვაზე, -არის თუ არა ძლიერი მხარე ის რომ დღევანდელი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადაერთი ხელისუფლება, რომლის დროს ომი არ მომხდარა? – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პასუხობს, რომ ბუნებრივია ეს ძლიერი მხარეა, მაგრამ, მშვიდობიანობის ფონზე თუ რამეს დაკარგავ ღირებულს, ეს მშვიდობა არ განიხილება, როგორც წარმატება.
“ბუნებრივია ეს ძლიერი მხარეა, ვინაიდან ომი ანგრევს განვითარების ყველა პერსპექტივას, ომი კლავს ადამიანებს და ომი არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ქვეყანას თავს დაატყდეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე არის მშვიდობიანობის რაღაც ციკლები განსაზღვრული წლები, თუმცა ომის გარეშე გრძელვადიან რეჟიმში ჩვენი ქვეყანა არასდროს არ განვითარებულა. ეს ციკლი ამ შემთხვევაში განაპირობა მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ხარჯზე.
თუმცა მე ასე დავსვამდი შეკითხვას – ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ეს , რა თქმა უნდა, ძლიერი მხარეა, თუმცა მშვიდობიანობის ფონზე თუ რამეს დაკარგავ ღირებულს, ეს მშვიდობა არ განიხილება, როგორც წარმატება.
საბედნიეროდ ჩვენ ამ წლების განმავლობაში, როცა მშვიდობიან რეჟიმში მოვახერხეთ ცხოვრება, არ დაგვიკარგავს ისეთი ღირებული ინტერესები, რაც შეიძლება დანაკლისად ჩაითვალოს მშვიდობის საპირწონედ. ანუ ჩვენ მოვახერხეთ ის რომ ჩვენი ქვეყანა ვაცხოვრეთ მშვიდობიან რეჟიმში და მოვახერხეთ ისიც, რომ არ დაგვეკარგა მნიშვნელოვანი მათ შორის ტერიტორიებიც. ის ,რომ მიმდინარეობს „ბორდერიზაცია“, ეს შეუქცევადი პროცესია, ჩვენ მთავარი სადარდებელი და მთავარი პრობლემა ის გვაქვს, რომ საერთოდ არსებობს ეს გამყოფი ხაზი და იქ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები დგანან და არა ის, რომ 2 მეტრით გადმოწევენ თუ 3 მეტრით გადმოწევენ იმ საოკუპაციო ფორტიფიკაციას.
სამწუხაროდ იმის პედალირებით, რომ გამყოფი ხაზი გადმოწეულია 2 მეტრით, როცა უნდა იყოს 2 მეტრით იქით, ამით გარკვეულად ლეგიტიმაციასაც კი ვახდენთ იმისას, რომ თურმე ჩვენი მოსაზრებით და ჩვენი მტკიცებით, გამყოფი ხაზი საერთოდ უნდა არსებობდეს და თან 2 მეტრის იქეთ. ამიტომ რიგ შემთხვევაში, როცა ჩვენი ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები მოგვიწოდებენ იქითკენ, რომ იქ განლაგდეს რაღაც დამცავი ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ფორტიფიკაციის და გამყოფი ხაზის გადმოწევას ძალისმიერი მეთოდებით შეუშლის ხელს, ეს თავისთავად მცდარი იდეაა, რადგან სწორედ ეს უნდა მტერს, როდესაც გამყოფი ხაზის აქეთაც განლაგდება შეიარაღებული პირები, რომლებიც ასოციაციის გამოიწვევენ ფსევდოსაზღვრის არსებობის, და ამით ცნობიერებაში შევა ის, რომ საზღვარი არსებობს, რომელიც ემთხვევა გამყოფ ხაზს, გამყოფი ხაზის იქეთ დგას იქეთა ქვეყნის შეიარაღებული ძალა, ხოლო აქეთ- ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალა. აი ამ სურათის დახატვას და შედეგის მიღებას ცდილობს ჩვენი მტერი და ჩვენ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ”, -განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.