ელიოტ ელ-ენჯელი: “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება
“საქართველოს მხარდამჭერი აქტი” საქართველოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, – ასე ეხმაურება ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენი, ელიოტ ელ-ენჯელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებას.
“პრეზიდენტი ტრამპი პარტნიორებთან ურთიერთობებს აძლიერებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს მტრული წინააღმდეგობის გამკლავება შეეძლოთ. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, სადაც პრეზიდენტ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვიან. 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მისი გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ამით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი აგრეთვე, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ათწლეულის შემდეგ რუსეთი კვლავ განაგრძობს აგრესიას. ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს დაიცავს. აქტი საქართველოს ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის ასევე ითვალისწინებს სანქციებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში”, – განმარტა ელიოტ ელ-ენჯელიმ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული “საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას უთმობს და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
საკანონმდებლო აქტით კონგრესი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას გმობს.