ირაკლი ლექვინაძე: აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის ერთხმად დამტკიცებით, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია

0

ასეთი ღია მხარდაჭერით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რეგიონში საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის ერთხმად დამტკიცებით, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩემი აზრით, ამას უნდა მოჰყვეს ასახვა საინვესტიციო აქტივობების ზრდაში და ის დაგეგმილი პროექტი, რაც გულისხმობს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაფორმებას. ვფიქრობ, ეს არის უახლოესი პერსპექტივა და მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ხელს უწყობს მსგავსი პროექტების საბოლოო წერტილამდე მიყვანას“, – განმარტა ლექვინაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული “საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას უთმობს და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას. საკანონმდებლო აქტით კონგრესი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას გმობს.

კომენტარები

კომენტარი