“რაც ორსულობაზე გაიგო ბავშვის მამამ, მიახლოებაც ამიკრძალა”-20 წლის გოგონა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

0

20 წლის გორელი გოგო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დედამ იმის გამო გამოაგდო სახლიდან, რომ შეყვარებულისგან დაფეხმძიმდა. ორსულობის ამბის გაგების შემდეგ, შეყვარებულმა მიატოვა, ბავშვის მამობაზეც უარი თქვა და გოგონას თქმით, მასთან მიახლოებაც აუკრძალა. მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა დამ დროულად მიუსწრო და გადაარჩინა. გოგონა დახმარების თხოვნით “რეგიონულ კვირას” დაუკავშირდა, იმედით, რომ საკუთარი ისტორიის მოყოლის შემდეგ, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ მცირედით მაინც შეიცვლება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და გოგონას უსაფრთხოების მიზნით, სტატიაში მის ვინაობას არ ვასახელებთ. 

ჩვენს რესპონდენტს 8 წლის ასაკში შიშის ფონზე მეტყველების პრობლემა დაეწყო, ინციდენტიდან მალევე შეზღუდული შესაძლებლობა დაუდგინდა. ორსულობის 8 თვის განმავლობაში გოგონა მხოლოდ ერთხელ იყო ექიმთან, შესაბამისად ერთ თვეში რამდენად ჯანმრთელი იქნება მისი შვილი არ იცის.
როგორც თავად გვიყვება, დედისგან უარყოფილს დროებითი თავშესაფარი საკუთარმა დამ მისცა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, გორში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
“8 თვის ორსული ვარ. დროებით ჩემს დასთან ვცხოვრობ. ნაქირავები ბინა პატარაა და ყველა ვერ ვეტევით. ხანდახან დასარჩენად უცხო ხალხთან მივდივარ. გუშინწინ ერთი გოგო გავიცანი მაღაზიაში და იმან შემომთავაზა თავისთან დარჩენა, ორი ღამე იქ გავატარე. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა – 145 ლარამდე, მაგრამ რაღაც პერიოდია ვერ ვიღებ. ჩემი დისშვილი ავად იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა და წინსწრებით, რამდენიმე თვის ერთდროულად გამოვიტანე.
მინდა, რომ ჩემი შვილი ჩემთან იყოს და მე გავზარდო, მაგრამ სად ვიცხოვროთ არ ვიცი, ან რა ვაჭამო, ან როგორ გავზარდო – არ ვიცი. ჩემმა უშვილო ნათესავმა 5 000 დოლარი შემომთავაზა და ბავშვის მისთვის გადაცემა მთხოვა. როგორ გავყიდო ჩემი ჯერარდაბადებული შვილი, სხვას როგორ მივცე. 
დედაჩემმა როდესაც გაიგო, ფეხმძიმედ ვიყავი, სახლიდან გამომაგდო, მეზობლებისა და სოფლის საჭორაოს არ გავიხდი თავსო. მამაჩემმა და ჩემმა ძმებმა არ იციან, თორემ მომკლავენ. ჩემმა შეყვარებულმა კი რომ გაიგო, ორსულად ვიყავი, ნომერი შეცვალა და მიახლოებაც ამიკრძალა, გამომიცხადა – „ბავშვი ჩემი არააო“. მე მაგ ბიჭთან არ მაქვს პრობლემა, მაგას თუ არ უნდა ბავშვი, მე მინდა ჩემი შვილი და ამიტომ, გთხოვთ ყველას, დამეხმაროთ.
თავიდან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდებოდი, წამლები დავლიე, ჩემს შვილთან ერთად მინდოდა თავის მოკვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, გადავრჩი. ისიც არ ვიცი, ბავშვი ჯანმრთელი იქნება თუ არა. მხოლოდ ერთხელ ვიყავი ექიმთან და მაშინ მითხრეს გოგოაო. ელენე მინდა დავარქვა, სად უნდა გავზარდო არ ვიცი. არ მინდა, უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ჩავაბარო. ჩემი და ყოველ დღე მეუბნება, რომ მეც და ჩემს შვილსაც ვერ გვიპატრონებს და მასთან სახლშიც ვერ ვიქნებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში წესიერი საჭმელიც არ მქონია. ხან პურზე და წყალზე გადამივლია.
მივმართავ ხალხს, მთავრობას, გთხოვთ, დამეხმარეთ. ერთი ოთახი მაინც რომ მქონდეს, თავშესაფარი გვექნებოდა მე და ჩემს შვილს, გასაშვილებელად ვერ ვიმეტებ, მით უმეტეს, თანხის სანაცვლოდ”, – გვიყვება გოგონა.

“რეგიონული კვირა” ფეხმძიმე გოგონას დასაც ესაუბრა. მისი თქმით, იგი მარტოხელა დედაა და ორ მცირეწლოვანს ნაქირავებ ბინაში ზრდის, ქირის გადახდას თვიდან თვემდე ვერ ახერხებს და ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს. მისი თქმით, დამატებით კიდევ დისა და დისშვილის შენახვას ვეღარ მოახერხებს.
“როგორ ვაცხოვრო ჩემთან, მეც ძლივს გამაქვს თავი. ორ თვეში ერთხელ სახლის მეპატრონეები სახლს მაცლევინებენ, რადგან ქირას ვერ ვიხდი. სად ვატარო ახალშობილი ბავშვი… ჩემს შვილებს ძლივს ვაჭმევ საჭმელს, ხალხი მეხმარება. მუდმივი სამუშაო არ მაქვს. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, მთავრობასაც, იქნებ რამით დაეხმარონ ჩემს დას. ხანდახან საჭმელიც არ გვაქვს, მშიერია. იქნებ დროებით თავშესაფარი ვინმემ გამოუყოს. არ უნდა ჩემს დას, რომ ეს ბავშვი გააშვილოს. თავის მოკვლა სცადა როდესაც გაიგო, რომ ორსულად იყო, დროზე მივუსწარი, თორემ დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.
ჩვენ ქარელის ერთ-ერთი სოფლიდან ვართ, დედაჩემმა რომ გაიგო ჩემი დის ფეხმძიმობის შესახებ, სახლიდან გამოაგდო – ხალხს სალაპარაკოს არ მივცემო. მამაჩემმა და ჩემა ძმებმა რომ გაიგონ, არ აპატიებენ ამ ამბავს. დროებითი საცხოვრებელი რომ მაინც მისცენ, ამ ბავშვს შეინარჩუნებს.
როგორც მითხრა, ჩვენი ახლობელი დაკავშირებია და 5000 დოლარი შეუთავაზებია ჩემი დისთვის ბავშვის სანაცვლოდ. ეს ხომ დანაშაულია, როგორც უფლის, ასევე კანონის წინაშე. ამხელა ცოდვას როგორ ჩაიდენს. გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ ჩემს დას და ნუ მისცემთ უფლებას დანაშაული და ცოდვა ჩაიდინოს”, – გვიყვება ორსული გოგოს და.

ჩვენი გმირი ხშირად ათენებს ღამეებს ახლად გაცნობილი ხალხის სახლში. ერთ-ერთი ასეთი გორში ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეა, რომელმაც ის შემთხვევით საკუთარ მაღაზიაში გაიცნო, როდესაც ახალშობილის ტანსაცმელს ათვალირებდა.
„დაახლოებით ორი თვის წინ გავიცანი ეს გოგონა. მაღაზიაში შემოვიდა და ბავშვის ტანსაცმელს ათვალიერებდა. მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, მერე როგორც მითხრა, მთელი დღის მშიერი ყოფილა, მომიყვა თავისი ამბავი და შოკში ჩავვარდი, რა მოისმინა ჩემმა ყურებმა. იმ წუთასვე ვაჭამე. საღამოს კი ჩემთან სახლში წავიყვანე. ტანსაცმელიც მივეცი და მითხრა, რომ დიდი ხანია ხორცის ჭამა უნდოდა, გავუმასპინძლდი რითაც შემეძლო. სამი ღამე ჩემთან დარჩა, მერე ჩემმა გამყიდველმა წაიყვანა თავისთან. ძალიან მეცოდება. 21-ე საუკუნეში ასეთი რამ თუ ხდებოდა, აღარ მეგონა. არჩევანის წინაშეა – ან უნდა დაიტოვოს ბავშვი, ან უნდა გაასხვისოს. მივმართავ სრულიად საზოგადოებას – გთხოვთ, დავეხმაროთ ამ გოგონას, გავერთიანდეთ, ნუ წავართმევთ დედობის უფლებას“, – ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

20 წლის გოგონას თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომა და დახმარება სჭრირდება. ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევუქმნათ პატარა ელენეს ოჯახური გარემო და არ მოვაკლოთ დედის სიყვარული.

დახმარების მსურველები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მედიაჰოლდინგ “კვირას” საკონტაქტო ნომერზე ან ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი