ანა აბაშიძე: სუიციდის პრევენციისთვის მთავარი ამოცანა ბავშვის ემოციური უსაფრთხოება უნდა იყოს

0

სუიციდის პრევენციისთვის მთავარი ამოცანა ბავშვის ემოციური უსაფრთხოება უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო მექანიზმები გვაქვს,- ასე ეხმაურება საქართველოში თვითმკვლელობის გაზრდილ რიცხვს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ანა აბაშიძე საგაზეთო ინტერვიუში.

როგორც “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ანა აბაშიძე აცხადებს, სახელმწიფოს სუიციდის პრევენციის პროგრამა უნდა ჰქონდეს.

“როდესაც სუიციდზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დავივიწყოთ წინა პერიოდიც. როდესაც ბავშვი იღებს მისი სიცოცხლისთვის მავნე გადაწყვეტილებას, ამას წინა პირობად ძალადობრივი ქმედებები ახლავს- ან უფროსი ძალადობს მასზე ან თანატოლები. ბავშვი ეძებს გამოსავალს და ვერ პოულობს. უყურადღებობა, როცა ის შველას ითხოვს, მისი ღირსების დამთრგუნველია, მისი პირადი “მეს” გამანადგურებელი. არის შემთხვევები, როცა ონლაინ სივრცით ძალადობენ მასზე. სუიციდის პრევენციისთვის ბავშვის ემოციური უსაფრთხოება მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო მექანიზმები გვაქვს. გვქონია შემთხვევები, როცა დახმარება უთხოვიათ, ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა და რა გავაკეთოო. ჩვენ ვაკავშირებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც დონორული მხარდაჭერით თერაპიული ჩარევების საშუალება აქვთ, მაგრამ მხოლოდ მესამე სექტორის იმედად ვერ იქნება სახელმწიფო. მას უნდა ჰქონდეს სუიციდის პრევენციის პროგრამა”,- განმარტა აბაშიძემ.

ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ჩენდლერი კი “კვირის პალიტრასთან” აღნიშნავს, რომ სუიციდის პრევენციისთვის პაციენტებთან ურთიერთობისთვის სწორად გაწერილი გეგმაა საჭირო.

“პაციენტებთან ურთიერთობისთვის სწორად გაწერილი გეგმა გვჭირდება: 1. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანების სოციალური სტატუსის გასაუმჯობესებლად; 2. უნდა ჩამოყალიბდეს არაკომერციული ფსიქიატრიული დაწესებულებები”,- განაცხადა ჩენდლერიმ.

ცნობისთვის, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში კი 219-მა კაცმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი