ლევან ნატროშვილი: არჩევნების წინ პენსიები და ხელფასები არ უნდა იზრდებოდეს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტების მენეჯერი ლევან ნატროშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასებისა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, თუ რომელიმე უწყების თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზრდებათ მისასალმებელია და პრობლემაა არაა, თუმცა მსგავსი პროექტები არჩევნებამდე მოკლე პერიოდში არ უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, ორგანიზაცია მსგავს რეკომენდაციებს გასცემს როგორც ამ ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების პირობებშიც.
“ჩვენ არ ვამბობთ, რომ პენსიები ან ხელფასები არ უნდა გაიზარდოს, თუ არსებობს ბიუჯეტში სათანადო ხარჯები, ეს კარგია. რა თქმა უნდა, ეს კარგია და ამისთვის ვირჩევთ ჩვენ ხელისუფლებას, რომ როცა იქნება საშუალება, ასე მოიქცეს. არც ისაა პრობლემა, თუ რომელიმე უწყების თანამშრომლებს ახლა გაეზრდებათ ანაზღაურება.
უბრალოდ აქ საუბარია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ და არა ვთქვათ 6 თვით ადრე, ან თუნდაც არჩევნების შემდეგ.
საარჩევნო კოდექსში გვაქვს ჩანაწერი, რომელიც სწორედ ამას გვეუბნება, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ბიუჯეტში ცვლილებების გაკეთება აკრძალულია. სწორედ იმიტომ, რომ არ გაიზარდოს სოციალური პროგრამები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბენეფიციარზე იყოს გათვლილი და არჩევნებში მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა მისცეს, ბიუჯეტის ხარჯზე, ამაზე გვაქვს საუბარი. რაკიღა ეს კანონში გაწერილია, ესე იგი, რაღაცა აზრი დევს.
საბოლოო ჯამში, გამოსავალი არის ის, რომ ასეთი პროგრამები არჩევნებამდე მოკლე პერიოდში არ უნდა განხორციელდეს. ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გავცემთ როგორც ამ ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების პერიოდშიც”,-განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება.