ანა ნაცვლიშვილი: პროკურატურა გამობრძანდით ახლა და საზოგადოებას ჩააბარეთ ანგარიში, რას და რაში უხდით ამ ექსპერტებს ბიუჯეტის ფულს

“აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის, ანუ თქვენი და ჩემი ფულით, საქართველოს პროკურატურა ქირაობს საერთაშორისო ექსპერტებს. არავინ ვიცით, როგორ და რატომ შეირჩა ეს ორი ადამიანი, მსოფლიოში არსებულ ათასობით ექსპერტს შორის”, – ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მოძრაობა “ლელოს” სპიკერი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძე-ჯაფარიძის სქემის მიზანი ფულის გათეთრება იყო.

ანა ნაცვლიშვილი ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის ექსპერტებს მიმართავს, თუ რატომ არ არიან ათობით იმ ადამიანის საქმის გამოძიებაში ჩართულები, ვინც წლებია ელოდება სამართლის რაიმე ნიშანს მაინც და აღნიშნავს, რომ ეს ექსპერტები, როგორც პროკურატურის მიერ არგამოქვეყნებული დოკუმენტის დასაწყისში წერია, არ იცნობენ ქართულ ენას, კანონმდებლობას და არ არიან სპეციალისტები ამ მიმართულებით. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ისინი დაეყრდნენ მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების შინაარსს.

ასევე, ნაცვლიშვილი საეჭვოდ მიიჩნევს აღნიშნული დასკვნის გუშინ გასაჯაროებას – “შავ ზღვაზე აშშ-ს რა ესაქმება” საუბრის შინაარსის გასაჯაროების და ანაკლიის პროექტზე ჩანიშნულ პრესკონფერენციამდე 5 წუთით ადრე”, ვინაიდან, როგორც ამბობს, დასკვნა დიდი ხნის დაწერილია.

“მაშ ასე, აღმოჩნდა, რომ
– ბიუჯეტის, ანუ თქვენი და ჩემი ფულით, საქართველოს პროკურატურა ქირაობს საერთაშორისო ექსპერტებს.
– არავინ ვიცით, როგორ და რატომ შეირჩა ეს ორი ადამიანი, მსოფლიოში არსებულ ათასობით ექსპერტს შორის?
– არ ვიცით, რა პირობებით არიან ისინი დაქირავებულები?
– არ ვიცით, რა ნიშნით ხდება მათი ჩართვა ან არ ჩართვა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ე.წ. დასკვნის მოსამზადებლად? რამე გაწერილი წესი არსებობს თუ ერთი კაცის თითის გაწკაპუნებით ხდება ეს ამბავი?
-არ ვიცით, რატომ არ იყვნენ ისინი ჩართულები 20-21 ივნისის საქმის გამოძიებაში, თვალების დათხრის, დათვის ტყვიების და, რაც მედიით გავიგეთ ორი დღის წინ, სავარაუდოდ – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საქმეზე მომიტინგეთა წინააღმდეგ;
– არც ის ვიცით, არიან თუ არა, და თუ არა- რატომ არ არიან ჩართული ექსპერტები სარალიძის, მაჩალიკაშვილის, კერზაიას, სავარაუდოდ პოლიციელების მიერ გატაცებული და კრიმინალებისთვის ცხვარივით ჩაბარებული მოქალაქის საქმეში; ან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან დღისით-მზისით გატაცების საქმეში;
– არ ვიცით, რატომ არ არიან ეს ექსპერტები ათობით იმ ადამიანის საქმის გამოძიებაში ჩართულები, ვინც წლებია ელოდება სამართლის რაიმე ნიშანს მაინც!!! მოკლული, ნაწამები, ქონებაჩამორთმეული ადამიანების საქმეები, მტვერი რომ დაედო პროკურატურაში.
– ეს არ ვიცით! არც ღირსად გვთვლიან, რომ გვითხრან რაში და რატომ ხარჯავენ ჩვენს ფულს და რაც ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია – რის საფუძველზე მოქმედებენ ჩვენი, საქართველოს სახელით!
– მაგრამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმით გავიგეთ, რა ხდება სინამდვილეში! აი ამ საქმეში, ჩაურთავთ ეს ექსპერტები და მოუმზადებიათ ე.წ. დასკვნა. ეს ე.წ. დასკვნა კარგა ხანია დაიწერა, მაგრამ პროკურატურამ
გუშინ გაასაჯაროვა, “შავ ზღვაზე აშშ-ს რა ესაქმება” საუბრის შინაარსის გასაჯაროების და ანაკლიის პროექტზე ჩანიშნულ პრესკონფერენციამდე 5 წუთით ადრე, შემთხვევით
მაგრამ, საკითხი აქ არ მთავრდება.
– გაასაჯაროეს არასრული ე.წ. დასკვნა!
გარდა იმისა, რომ ამ დოკუმენტის საქმეზე დართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, საინტერესოა შემდეგი პიკანტური “დეტალები”:
– დოკუმენტის დასაწყისში (რომელიც პროკურატურას არ გამოუქვეყნებია) გაცხადებულია, რომ ეს ორი ექსპერტი
ა. არ იცნობს ქართულ ენას ბ. შესაბამისად დაეყრდნენ მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების (და არა საქმის სრული მასალების) თარგმანს. ( ვინ და როდის თარგმნა 29 ტომიანი საქმე არ ვიცით, არც ის, როგორ თარგმნა.) გ. ექსპერტები არ იცნობენ ქართულ კანონმდებლობას და არ არიან სპეციალისტები ამ მიმართულებით.

ექიმმა რომ გითხრათ, არც თქვენი ენა მესმის, არც თქვენი ავადმყოფობის სპეციალისტი ვარ, მაგრამ რაკი ფულს მიხდით, რამე წამალს მაინც გამოგიწერთო, ენდობით ჰო ? :)) ასეა ეს ამბავიც.

აი, რატომ აკეთებთ ამას, რატომ?!
მართლა ჩალით გინდათ დახუროთ ჩვენი ქვეყანა ?!

გამობრძანდით ახლა და საზოგადოებას ჩააბარეთ ანგარიში, რას და რაში უხდით ამ ექსპერტებს ბიუჯეტის ფულს, არავითარი დუმილი, საჯარო უნდა იყოს ეს ინფორმაცია!

ასევე ველი ინტერესით, როდის დააანონსებთ, რომ “პროგრეს ბანკის” თემაზე მოწმედ დაიბარეთ …. ბიძინა ივანიშვილი და ჩართეთ ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები.

პ.ს. ტროლები და ოცნების აქტივისტები არ შეწუხდეთ კომენტარებით, თქვენც შიშვლები ხართ და თქვენი მეფეც”,- წერს ანა ნაცვლიშვილი ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები