არჩილ მესტვირიშვილი: დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100%. რაც შეეხება „პროგრესბანკის“ ტრანზაქციების შესახებ დოკუმენტს, მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის:

„საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მესტვირიშვილის თქმით, უნდა დაიწყოს თუ არა დოკუმენტზე გამოძიება, დამოკიდებულია იმაზე, რა წერია მასში:

„ეს დამოკიდებულია იმაზე, დოკუმენტი რას მოიცავს. ვინც არის დამნაშავე, ის იქნება პასუხისმგებელიც, თუ ასეთი არსებობს. მეკითხებით ისეთ საკითხზე, რაზეც ინფორმაცია არ მაქვს. როდესაც დოკუმენტი გვექნება, გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს ჩვენი მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად „აქრობს“ ეროვნული ბანკი ასეთ ინფორმაციებს, მესტვირიშვილიმა უპასუხა, რომ ეს არის რიტორიკული კითხვა, ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა, ვერ მოხდება და ეს შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები