რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ძალიან უხერხულია პოლიტიკოსობა გსურდეს და გვარამიას ფეიქპროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს

ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და გვარამიას ფეიქპროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პარლამენტის წევრი “მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ჯერჯერობით, რითაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხაზარაძემ “საკრალური თორმეტეულების“ გარდა დაგვამახსოვრა თავი, არის მთავარი “ნაცპარტიული“ ტელევიზიის რესპონდენტობა.”

“პასუხისმგებლობა საქმის კეთებას ნიშნავს, გადაბრალება კი ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილებას. როცა საქმის კეთების არც უნარი გაქვს და არც სურვილი, მაშინ ასე ცდილობ საკუთარი უმოქმედობის გამართლებას – ან ჭორაობ, ან ცილს სწამებ, ან კადრულობ ორივეს ერთად.

ჯერჯერობით, რითაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ “საკრალური თორმეტეულების“ გარდა დაგვამახსოვრა თავი, არის მთავარი “ნაცპარტიული“ ტელევიზიის რესპონდენტობა, რომელიც ხშირად ისე ზის წამყვანებთან, როგორც ქვეშევრდომი ხელმძღვანელობასთან. “საშინაო დავალების“ თანახმად, ცდილობს, ყველაფერი დააბრალოს ბიძინა ივანიშვილს და ამ დავალებასაც ვერ ასრულებს ხეირიანად. “წამყვანი-ხელმძღვანელები“ კი, რაც უფრო მეტს იკადრებს, აქებენ, ხოლო თუ არ მოეწონათ მისი პასუხები, მაშინ ტუქსავენ და უბრაზდებიან.

არ მესმის, რად უნდა უღირდეს ადამიანს ასეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენება. ძალიან უხერხულია, პოლიტიკოსობა გსურდეს და ამ დროს, გვარამიას პარტნიორობას ვინ ჩივის, მისი ფეიკპროპაგანდის რუპორად ყოფნაზე აწერდე ხელს“, – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები