თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ ორხევში, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების დასრულების შემდეგ, თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 22 810 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ამჟამად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც, სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყება.

სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 065 000 ლარია, გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ასრულებს. პროექტი 2020 წლის მარტში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები