საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სახანძრო ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდნენ. ქედაში ახალი ტექნიკა დაათვალიერეს და ინსპექტორებს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. მინისტრის მოადგილე იმ სიახლეებს გაეცნო, რაც ზედამხედველობის დეპარტამენტში ბოლო პერიოდში განხორციელდა.
სამსახურის გააქტიურებასთან ერთად საშტატო რიცხოვნობა 100%-ით, 45-დან 90 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა. თითოეული თანამშრომელი შესაბამისი უნიფორმით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, განახლდა ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკი – ინსპექტორებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 15 ახალი ავტომობილი უკვე ემსახურებათ.
“ტექნიკის ნაწილი, 10 ერთეული Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილი, რეგიონებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე გადანაწილდა. ისინი საბიუჯეტო-ზედამხედველობის ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას შეამოწმებენ. 5 ავტომობილი კი თბილისში, ცენტრალური სამმართველოს დაქვემდებარებაში იქნება და საჭიროების შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ კერძო დაწესებულებებსაც გაუწევს მონიტორინგს.
ზედამხედველობის დეპარტამენტი შენობა-ნაგებობებში არსებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ამოწმებს. ასევე, განიხილავს სამშენებლო პროექტებს და გასცემს მშენებლობის შესაბამის ნებართვებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. გარდა ამისა, დეპარტამენტის უფლებამოსილებაში შედის მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობის რეგულირება და უსაფრთხოების ნორმების შემოწმება.
ზედამხედველობის დეპარტამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება საკონსულტაციო შეხვედრების ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკით. ასევე, დაწყებულია ზედამხედველობის სისტემის გაელექტრონულების პროცესი. დაინტერესებული პირებისათვის/ორგანიზაციებისათვის უკვე ამოქმედებულია დეპარტამენტის ცხელი ხაზი – (0322 41) 4112 .
​ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპარტამენტის ეფექტურობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირებას”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები