გივი მიქანაძემ პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის (ASGP) წევრებს პარლამენტის სასწავლო ცენტრში განხორციელებული რეფორმები გააცნო

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, საპარალამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში მიმდინარე პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

მიქანაძემ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის აპარატში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების თაობაზე მოხსენება წარადგინა. აპარატის უფროსმა, თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა სასწავლო ცენტრში შიდა ტრენერთა ჯგუფის შექმნა-ჩამოყალიბებაზე, მომზადებულ სასწავლო სილაბუსებსა და ტრენინგპროგრამებზე, სტაჟირების ახალ მოდელზე, სასწავლო კალენდარსა და თანამშრომლობაზე სხვა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან. განსაკუთრებული აქცენტები გივი მიქანაძემ პარლამენტის სასწავლო ცენტრში, მიმდინარე წლის სექტემბერში დანერგილ დისტანციურ სწავლებაზე გაამახვილა. დეტალურად გააცნო კოლეგებს დისტანციური სწავლების მექანიზმი და ფორმატი.

შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პარლამენტში საგანმანათლებლო კუთხით გატარებულ რეფორმას. გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩატარდეს მსოფლიოს მასშტაბით კვლევა იმ საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების კუთხით, რაც პარლამენტის სასწავლო ცენტრების საქმიანობას უკავშირდება. რიგმა ქვეყნებმა გამოთქვეს სურვილი სასწავლო ვიზიტით ეწვიონ საქართველოს პარლამენტს სასწავლო ცენტრს, გამოცდილების შესწავლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ გივი მიქანაძე პირველად მონაწილეობს მსგავს შეხვედრაში პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის სტატუსით. მისი არჩევა აღმასრულებელ კომიტეტის წევრად 2019 წლის აპრილში, დოჰაში მოხდა. პარლამენტის აპარატის უფროსების ასოციაცია მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი პარლამენტის აპარატის უფროსსა და ხელმძღვანელ პირებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები