შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ დაუშვილმა მიულოცეს.

პირველ სამუშაო დღეს, მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

ოფიცრები, ასევე, ეწვივნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.

მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. დაახლოებით, 10-თვიანი მუშაობის შედეგად, მართლწესრიგის ოფიცრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, არაერთ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

ღია კონკურსის მეშვეობით მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა კვლავ გრძელდება. სამომავლოდ შერჩეული ოფიცრები ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი