სოზარ სუბარი: მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა, ეთაღლითა ტენდერის მოსაგებად, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა

0

მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა, ეთაღლითა იმისთვის, რომ მოეგო ტენდერი, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა იმ იმედით, რომ შემდეგ მთავრობა პირობებს შეუცვლიდა. არ ვიცი, თაღლითობა შეიძლება ძალიან რბილი სიტყვაც იყოს ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ანაკლიის პორტის პროექტსა და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

სოზარ სუბარის განცხადებით, მამუკა ხაზარძემ პარლამენტში თქვა, რომ კონსორციუმმა კარგად იცოდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ისეთი ტენდერი იყო გამოცხადებული, რომლის შესრულება შეუძლებელი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო, რათა გაემარჯვებინა. სუბარი მიიჩნევს, რომ ხაზარაძის ეს განცხადება ანალიზს საჭიროებს.

“კონსორციუმს ჰქონდა ვალდებულება, მოეყვანა ინვესტორები. ვერ მოიყვანა. არაერთხელ გადავიდა ამის ვადა. მეორე, მათ გააკეთეს განცხადება, რომ ჰყავთ ინვესტორი, რომელზეც, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მხრიდან დაიდო არაერთი მასალა, რომ ეს არის ყაზახური კომპანია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან, “გაზპრომთან”, თუ ვიღაცასთან. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, თუმცა, ცხადია, ეს შესწავლადია.

მთავარია ის, რომ დღემდე კონსორციუმი ამბობდა, რომ მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სწორედ ამერიკული მხარე არის შემოყვანილი.

თითქოს სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ თავის დროზე ბატონმა ხაზარაძემ პარლამენტში კომიტეტის მოსმენების დროს, პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომელიც მეგონა, რომ ექსპერტების და ჟურნალისტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესების საგანი გახდებოდა და დიდი დარტყმები წამოვიდოდა ჩვენზე, ხელისუფლებაზე, რომ რატომ მოაწერეთ ხელი ასეთ ხელშეკრულებას. მან თქვა, რომ იცით, კონსორციუმმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ისეთი ტენდერი იყო გამოცხადებული, რომლის შესრულება შეუძლებელი იყო, მაგრამ მასში მონაწილეობა მე მაინც იმისთვის მივიღე, რომ გამემარჯვებინა. სხვებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა იმიტომ, რომ იცოდნენ, შესრულება შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის შემდეგ შევიცვლიდი პირობებსო. ეს ძალიან სერიოზული აღიარებაა, რომელიც, მინიმუმ, სერიოზულ ანალიზს მაინც საჭიროებს, თუ მეტს არა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი