მამუკა მდინარაძე: ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ

ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს.

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტის ირგვლივ გამართული მსჯელობისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ მათ პარლამენტის პრესტიჟზე მისათითებელი არაფერი აქვთ: “ბოლო დროს, კონსტიტუციაში ასახული ნორმებიდან დაწყებული, რეგლამენტით გაგრძელებული, ადვილად ვერავინ დაგვაბრალებს იმას, რომ პარლამენტს თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში რამე დავაკელით. ეს ზედმეტი მგონია“. – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.

“ადრე საერთოდ თავმჯდომარეს ირჩევდა პრეზიდენტი 6 წლით, და სასამართლოში არსებული ვითარების არ იყოს, საერთოდ არანაირი კრიტერიუმი რომ არ არსებობდა, თუმცა მაშინ ხმას არავინ იღებდა ამაზე. არანაირი პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ ჩნდებოდა, ამაზე არ იყო არანაირი პრობლემები და ახლა შეიქმნა პრობლემები, როცა კანონი იხვეწება. ორი ვადით პრეზიდენტებს ირჩევენ და ახლა კომისიის თავმჯდომარის არჩევა რაღაც კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ორი ვადით არჩევა კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ:

“ახლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ სამი წლით ავირჩიოთ და განმეორებით კომისიაში ჰქონდეთ თავად იმ ადამიანებს (ხაზგასასმელია) უფლება არჩევისა, ვინც თავის მხრივ აირჩია საქართველოს პარლამენტმა. ე.ი. საქართველოს პარლამენტის როლი არის აქ გამოკვეთილი და პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ჰქონდეთ ამის საშუალება მეორე ვადით აირჩიონ. სხვათაშორის, ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ამიტომ მე რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას და განსაკუთრებულ ხარვეზებს აქ ვერ ვხედავ, სწორედ ამიტომ არის რომ ვეთანხმებით წარმოდგენილ პოზიციას, წარმოდგენილ ცვლილებებს და კატასტროფას კი არა, პრობლემასაც ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები