„ეს თამთა თოდაძეზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი ხერხია“- ადვოკატი დებატებზე კუბლაშვილის ინიციატივის შესახებ

ეს არის დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი ხერხი,- ასე ეხმაურება საკრებულოს თანამშრომლის, თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის შეთავაზებას თოდაძის და მისი ადვოკატის დებატებში მონაწილეობის შესახებ.
როგორც ლუკავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრალდებულის ან მისი ადვოკატების მიერ სატელევიზიო არხების მეშვეობით დაზარალებულის დაკითხვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ადვოკატის განმარტებით, დაზარალებულს სასამართლო პროცესზე კითხავენ.

„ჩვენ, როგორც ჩანს, დაგვავიწყდა, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეა უმძიმესი დანაშაულის შესახებ, გვაქვს განხილვა, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალია, იგი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რატომღაც წინასაარჩევნო მარათონს ემსგავსება მოპასუხე მხარის მხრიდან დებატების მოთხოვნა. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებული მხოლოდ ერთხელ იკითხება, სასამართლო პროცესზე. მას შეუძლია ყველა კითხვა სასამართლო პროცესზე დაუსვას თამთა თოდაძეს.
ეს არის დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი ხერხი, ისინი ამით ცდილობენ, მაქსიმალურად იმოქმედონ დაზარალებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამას სხვა ახსნა არ აქვს“- განაცხადა ადვოკატმა.
მარიამ კუბლაშვილი, რომელიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატია, თამთა თოდაძეს საეთერო დებატებში იწვევს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ძალადობაზე ბრალდებებს უარყოფს.
პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.
სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები