ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით 60%-ს, ხოლო „ნაცმოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ 20%-ს აიღებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დაახლოებით ხმების 60 პროცენტს მიიღებს. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის კოალიციის შექმნა ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებთან წარმოუდგენელია.
„ეს არის მარტივი არითმეტიკა, საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით მინიმუმ 45 პროცენტი იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია.
გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება „ქართული ოცნება“, თუმცა 45 პროცენტი არ არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც ალბათ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის დაახლოებით შემდეგი: 60 პროცენტი „ქართული ოცნება“, 20- „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და 20 პროცენტი დანარჩენი ოპოზიცია. ეს არის რეალურად მიღწევადი შედეგი „ქართული ოცნებისთვის.
არიან პარტიები, რომლებთანაც შეუძლებელია „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განშტოებით, ეს არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომელებიც ღიად აცხადებენ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს მაგალითად, ნატო-ს წევრი, რომლებიც უპირისპირდებიან დასავლური ინტეგრაციის მიზანს. ასეთ პარტიებთან ჩვენთვის შეუძლებელი იქნება კოალიციის შექმნა. ზუსტად აქ რჩება ხუთპროცენტიანი სივრცე. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარჩიელობა ჩვენ არ დაგვჭირდება. არჩვენების წინ და არჩევნების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ისეთი შედეგის მიღწევას, რომელიც კოალიციის შექმნას საჭიროს არ გახდის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები