გიგა ბუკია: სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური მოძალადეები და მკვლელები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები.

„ქალბატონ ბოკუჩავას არ ახსენდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები; ბატონმა მარგველაშვილმა 4000 -მდე მსჯავრდებული შეიწყალა და როცა ეს კითხვები მაშინ ჩვენი მხრიდან გაისმა შეწყალების აქტთან დაკავშირებით, მათი პოზიცია იყო, რომ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვუზღუდავთ პრეზიდენტს. დღეს კი ასე აქტიურად ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაშინ, როცა უკვე პრეცედენტი არის დაშვებული და პროკურატურა იძიებს, რა კითხვებიც არსებობს. ჩამოყალიბდით, ბატონებო”, – მიმართა გიგა ბუკიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლის, სერგო რატიანის განცხადებას უპასუხა 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით.
„ის, რომ ოპონენტების მიზანი ყველა პროცესის დისკრედიტაციაა, გასაგებია, მაგრამ მე ახლა ვუსმენდი წინა გამომსვლელს (სერგო რატიანს) და მრჩებოდა წარმოდგენა, რომ თითქოს იმ ყველაფერს, რაც 20 ივნისის ღამით ხდებოდა, არ უყურებდა საქართველოს მოსახლეობა ან კიდევ თვითონ თქვენ არ ხართ საქმის კურსში. მსმენელისთვის იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პოლიციელები თითქოს ამ ხალხს სახლში მიუცვივდნენ და იქ დააპატიმრეს. დაკავებული ადამიანები არიან ეჭვმიტანილი იმაში, რომ პარლამენტში შტურმით შემოსვლას აპირებდნენ. ეს ის ფაქტია, რომელსაც ჩვენთან ერთად საქართველოს მოსახლეობა ხედავდა. იმედია, სასამართლო გამოიტანს განაჩენს და თუ ისინი არიან უდანაშაულონი, რა თქმა უნდა, გათავისუფლდებიან. მიუხედავად ყველა პროფესიისადმი ჩემი პატივისცემისა, რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, კანონდარღვევა ყველასთვის იქნება თანაბრად პასუხმოთხოვნილი”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

გიგა ბუკია სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხო. მისი თქმით, ის რაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი.
​„ის, რომ იყო და არის პრობლემები, ამას არავინ მალავდა. დღეს კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა, თუ რა პიროვნებები განიხილავდნენ პროცესებს სასამართლოებში. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მიიღებს ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ და შევაფასებთ. თუმცა გასაკვირია, როცა ოპოზიცია ფარისევლობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უმრავლესობის წარმომადგენელი მოსამართლეობის კანდიდატებს კრიტიკულ კითხვებს უსვამს”, – აღნიშნა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები