ალექსანდრე ერქვანია: რად გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები, თუ ქართველები აღარ ვიქნებით

რად გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები თუ ქართველები აღარ ვიქნებით, მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, – ამის შესახებ დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ალექსანდრე ერქვანიამ დემოგრაფიის საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებას ეფექტური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

“სამწუხაროდ, ქვეყანა იმყოფება დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, შემცირებულია შობადობა, იზრდება განქორწინებულ წყვილთა რაოდენობა, სერიოზული პრობლემებია ემიგრაციის მხრივ, მზარდია უცხოეთში ახალგაზრდების გადინება, იცლება სოფლები, არასრულწლოვნები ჩართულები არიან აზარტულ თამაშებში, ხშირია არასრულწლოვანთა ნარკომანიის და პროსტიტუციის ფაქტები. ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით, 30 ათასამდე აბორტი კეთდება, ცინიზმია ქვეყანაში სადაც სიკვდილით დასჯა აკრძალულია საკუთარი ხელით მშობლებს შეუძლიათ მოკლან შვილი, აბორტი არის ადამიანის მკვლელობა, მუცლად მყოფი ბავშვი სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია, ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა მკვლელობას შორის არ არსებობს განსხვავება, ხოლო საკუთარი შვილის მოკვლა ყველაზე ამაზრზენი ფორმაა, სანამ ამ საკითხზე უმოქმედობას ხელისუფლება და საზოგადოება დუმილით დაუჭერს მხარს არანაირი წინსვლა, კეთილდღეობა არ გვექნება, ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად.

“სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ აფასებს იმ მძიმე შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებას, რად გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები თუ ქართველები აღარ ვიქნებით, მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად, უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, გამკაცრდეს ემიგრაცია, მამათმავლობის და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ორსულ ქალებს და მრავალშვილიან ოჯახებს, მივმართავ მთავრობას შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა”, – განაცხადა ერქვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები