მამუკა ანდღულაძე: კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლება მთავარი მოთამაშე უნდა იყოს

კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლება მთავარი მოთამაშე უნდა იყოს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, უნდა გაერთიანდნენ.

“მთავარი აქტორი და მთავარი მოთამაშე ამ სფეროში აქტიურად უნდა იყოს ხელისუფლება, რომელსაც სჭირდება ბუნებრივი მოკავშირეები. ის უნდა იყოს ინიციატორი და კონსენსუსი სჭირდება ხალხთან, ვინც ამ თემებზე მუშაობს. არის ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ამ თემებზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და არანაირი თანამშრომლობა არაა, პირიქით, ეს ორგანიზაციები არიან ხელისუფლების თავდასხმის ობიექტები,”- განმარტა ანდღულაძემ.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით პროდასავლური მედიაორგანიზაციები კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ.

“რუსთავი 2”-ის მთავარი ამოცანა არის დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაცია, იმიტომ რომ ყველა თანამშრომელი, ყველა ჟურნალისტი ვთანხმდები იმაზე, რომ ალტერნატივა საქართველოს საგარეო კურსს ევროპის გარეშე არ აქვს. ევროპა არის ჩვენი მთავარი მიმართულება და ყველაზე დიდ საფრთხეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში უქმნის კრემლის პროპაგანდა. ამ დისკურსიაში ჩვენი, “რუსთავი 2″-ის მონაწილეობა არის კიდევ ერთხელ იმის გაცხადებული გადაწყვეტილება, რომ მედიას აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ შემოვდივართ რეკომენდაციით, რომ ყველა პროდასავლური მედიაორგანიზაცია გაერთიანდეს ამ მიმართულებით. იმედია, ეს რეკომენდაცია მალე გადაიქცევა სპეციალურ პროექტად, სადაც ჩვენ ერთიანი ფრონტით დავიწყებთ მუშაობას კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ,” – აღნიშნა იმნაიშვილმა.

თბილისში რუსული პროპაგანდის ახალ საფრთხეებზე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მსჯელობენ. მსჯელობის თემა ჰიბრიდული ომის ფონზე რუსული საინფორმაციო ომის ოპერაციების სისტემის მიდგომების ცვლაა. კრემლის იდეოლოგიაზე, მექანიზმებსა და მის აღსრულებაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება მუშაობს. ერთი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ოპერაციების ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროცესს, და მეორე – საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც შედარებით ახალი რგოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები