აფხაზ მეცნიერებს EURAXESS-ში მონაწილეობა საქართველოს დროშის ქვეშ შეეძლებათ

„საქართველოს მეცნიერებას, ყველა სამეცნიერო ინსტიტუციას, ეძლევა რეალური შესაძლებლობა ისარგებლოს იმ ბენეფიტებითა და პრივილეგიით, რაც გააჩნიათ EURAXESS-ის წევრ ქვეყნებს – ევროკავშირის სახელმწიფოებსა და ისეთ მაღალტექნოლოგიურ სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, ისრაელი. ამავე დროს ვადასტურებთ, რომ EURAXESS-ის საქართველოს ვებგვერდი, ქართულთან ერთად, აფხაზურ ენაზეც იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიასთანაა შეთანხმებული. აფხაზი მეცნიერებისთვის ამ პროგრამით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ, რადგან არც რუსეთი და არც ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნები არ არიან EURAXESS-ის წევრები. – საუბარია ევროკავშირის პლატფორმაზე.

შესაბამისად, ჩვენ საშუალება გვექნება 2020 წლის იანვრიდან ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგათ სამეცნიერო მიმართულებით“, – ამის შესახებ რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბოსონიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერებთან შეხვედრისას განაცხადა.

EURAXESS ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ არა მხოლოდ ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, არამედ წევრი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ კონკურსებზე, რისი საშუალებაც ადრე საქართველოს არ ჰქონია. საქართველო გახდა EURAXESS-ის 41-ე წევრი, რაც ნიშნავს წვდომას 15 000-ზე მეტ ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან, ბიზნესის სექტორის წარმომადგენელთან და 25 000-ზე მეტ მკვლევართან მსოფლიო მასშტაბით.

როგორც “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, ზვიად გაბისონიამ უნივერსიტეტში წარადგინა EURAXESS-ის მისიისა და სერვისების, შესაძლებლობებისა და ტექნიკური მხარის შესახებ პრეზენტაცია, ასევე, ისაუბრა EURAXESS-ის პორტალის ხელმისაწვდომობაზე.

„ჩვენი მიზანია, 1 იანვრიდან რაც შეიძლება მეტ მეცნიერს ჰქონდეს წვდომა ამ პორტალზე, დიდ საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებზე. წლევანდელი წელი უმნიშვნელოვანესი იყო განათლებისა და მეცნიერების სფეროს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ, ასევე, გავხდით ENQA-ს (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია) და EQAR-ის (უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ევროპული რეესტრის) წევრები“, – განაცხადა რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა.

2020 წლის იანვრიდან EURAXESS-ის პლატფორმაზე პორტალი EURAXESS-GEORGIA ამოქმედდება, რის შემდეგაც ქართველ მეცნიერებს შეეძლებათ აქტიური მონაწილეობა მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში ყველა სამეცნიერო მიმართულებით. ჩვენს მკვლევრებს ექნებათ წვდომა EURAXESS-ის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებთან, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე.

საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, EURAXESS-ის წარმომადგენლობა – EURAXESS-GEORGIA დაფუძნდა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.

2020 წლის თებერვლიდან EURAXESS-ის პლატფორმაზე გაჩნდება საქართველოს დროშა, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ. ქართველ მეცნიერებს, ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა EURAXESS-ის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა Horizon 2020-სა და მის ქვეპროგრამებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ Horizon 2020eu-ის (ჰორიზონ-ევროპა) სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათი კვლევების შედეგებსა და ხარისხს.

პორტალ EURAXESS-GEORGIA-ზე ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. შესაბამისად, აფხაზ მეცნიერებს შეეძლებათ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღონ.

„სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ პრაქტიკულად მოხსნილია ყველა ის შეზღუდვა – იგულისხმება ყველა პროექტი, სადაც აღმოსავლეთის ქვეყნებს წარმატების მიღწევა ძალიან უჭირდა, რადგან მთელი ბიუჯეტი, ძირითადად, დასავლეთევროპულ წარმატებულ ქვეყნებზე ნაწილდებოდა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებლობები უზარმაზარია და დღეიდან ამ სიკეთით სარგებლობა ქართველ მეცნიერებსაც შეეძლებათ. EURAXESS-ი გახლავთ სამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ექვემდებარება კვლევებისა და ინოვაციების სააგენტოს – კვლევებისა და ინოვაციების ევროკომისარს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკომისართან, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. EURAXESS-ი ევროპის უნიკალურ ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მრავალმილიარდიანი საგრანტო პროექტების მხარდაჭერას, თუმცა EURAXESS-ი არ შემოიფარგლება მხოლოდ საგრანტო პროექტებით, ის მხარს უჭერს, როგორც მობილობის, ასევე საკონფერენციო გრანტების დაფინანსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

რაც შეეხება Horizon 2020-ს, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პლატფორმაა სამეცნიერო მიმართულებით. ის ერთ-ერთ უნიკალურ პლატფორმად ითვლება, რადგან საშუალებას იძლევა, საგრანტო პროექტებთან ერთად, სრული ინფორმაცია მისცეს მეცნიერებს და ასევე, მოუგვაროს კონკრეტულ ვიზიტთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური პრობლემა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მიმართულებით, სწორედ ახლა ყალიბდება ევროკომისიის ახალი პოლიტიკა:

„ შესაბამისად, ჩვენ, როგორც სრულუფლებიან წევრ-ქვეყანას, გვექნება საშუალება ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაშიც მივიღოთ მონაწილეობა. ეს არ არის ზოგადი ფრაზა, ეს კონკრეტული წინადადებაა. ბრიუსელში, მმართველთა საბჭოში, პირველივე სხდომაზე, საქართველოს ექნება საშუალება თავისი ინიციატივები გააჟღეროს ახალი პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით. რას გულისხმობს ეს? – ჩვენი მთავარი მოტივაცია გახლავთ ის, რომ საქართველომ უნდა შეძლოს მიაღწიოს კონკურსების ცალკე გამოყოფას იმ მიზნით, რომ არ შევიდეს პირდაპირ კონკურენციაში დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან, რომელთაც აქვთ წარმატების 100%-იანი ინდექსი და არ უტოვებს შანსს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სამეცნიერო წარმატების მიღწევაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ისიც, რომ პრაქტიკულად, ამ მომენტიდან იხსნება უზარმაზარი შესაძლებლობები 500-ზე მეტ დაფინანსების წყაროსა და პროგრამაზე. საუბარია რუსთაველის ფონდის მსგავსს ფონდებთან პირდაპირ წვდომაზე, სადაც ძალიან ბევრი შეზღუდვა იყო უცხოელი მეცნიერების თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველა პლატფორმა შეიქმნება ქართულ ენაზე, ქართველ მეცნიერებს ქართულ ენაზე შეეძლებათ დარეგისტრირება, თუმცა ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ რეგისტრაცია დღეიდან დაიწყონ პასიურ რეჟიმში იმისათვის, რომ შეაფასონ და დარწმუნდნენ პლატფორმის შესაძლებლობებში, მოიძიონ მიმდინარე კონკურსები, რომლებშიც ჩართვის უფლება იანვრიდან ქართველ მეცნიერებსაც მიეცემათ“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

როგორც რუსთაველის ფონდის დირექტორმა განმარტა, კომისიის მოთხოვნაა, ყველა ქვეყანას თავისი წარმომადგენლობა ჰქონდეს:

„რუსთაველის ფონდში გავხსენით EURAXESS-ის წარმომადგენლობა. შესაბამისად, მეცნიერებს საშუალება აქვთ, ნებისმიერი ინფორმაცია დამატებით მიიღონ. ჩვენ, ევროკომიასთან შეთანხმებით, გამოვყავით საკონტაქტო უნივერსიტეტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად, პროცესში ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა ამ უნივერსიტეტში ჩვენ გავხსნით ოფისებს, გვეყოლება საკონტაქტო პირები, რომელთაც EURAXESS-ის წარმომადგენლები მოამზადებენ და მათ საშუალება ექნებათ, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში დაიწყონ ინტენსიური კონსულტაციები“ – აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

ზვიად გაბისონიამ მეცნიერთა კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ EURAXESS-ში გასაწევრიანებლად საქართველოს არ დაუხარჯავს არც ერთი თეთრი, მეტიც, რუსთაველის ფონდმა პროგრამაში ინტეგრირების მიზნით 200 000-იანი გრანტი მიიღო.

კითხვაზე, შეეძლებათ თუ არა პროექტებში მონაწილეობა იმ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ზემოდ დასახელებულ უნივერსიტეტებს, ზვიად გაბისონიამ უპასუხა:

„ეს დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ საგრანტო პროექტზე. როგორც წესი, შეზღუდვა არსებობს, რადგან ყველა ითხოვს გარკვეული ტიპის ინსტიტუციის არსებობას. შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ ინსტიტუციას, პლატფორმაზე დარეგისტრირება შეუძლია, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შეზღუდვები“.

რაც შეეხება აფხაზ მეცნიერთა მონაწილეობას ამ პროექტში, ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული იურიდიულად არ არსებობს.

„ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დროშის ქვეშ არსებულ სამეცნიერო პროექტებზე. აფხაზ მკვლევრებს მხოლოდ ქართველ მეცნიერებთან ერთად შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან კონკურსებში“, – აღნიშნა რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები