გურამ ნიკოლაშვილი: სააკაშვილმა საკუთარი სტიგმებისგან გათავისუფლება თანდაყოლილი ნეგატივის ბოკერიაზე მიბრალების ხარჯზე გადაწყვიტა

სააკაშვილმა საკუთარი სტიგმებისგან გათავისუფლება თანდაყოლილი ნეგატივის ბოკერიაზე მიბრალების ხარჯზე გადაწყვიტა, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი “იმედის” “დღის ქრონიკაში”აცხადებს.

როგორც ნიკოლაშვილმა განაცხადა, ქართული პოლიტიკის სეკულარიზაციისა და რელიგიური ფაქტორისგან გამიჯვნის მცდელობა როგორც ჩანს, საბოლოოდ დასრულდა. პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს უფრო და უფრო მკაფიოდ უწევთ საკუთარი რელიგიური ორიენტაციისა თუ თუნდაც ლატენტური მორწმუნეობის დაფიქსირება.

“ბოლო პერიოდის პოლიტიკური ბატალიები ერთგვარად სახეცვლილ პარტიებს წარმოგვიდგენს სწორედ რელიგიურობის საკითხთან დაკავშირებით. ბოლო ორი ათწლეულის ტრადიციის მიხედვით, რაც უფრო ლიბერალური და პროდასავლურია პარტია, მით უფრო ნაკლებად ტოვებენ მათი ლიდერები და წევრები ქართული ტრადიციული იდენტობის მატარებელთა შთაბეჭდილებას. მეორეს მხრივ, რაც უფრო ხაზგასმით ცდილობს პარტია ქართულ იდენტობაზე ააგოს პოლიტიკური პარტია, მით უფრო მეტად იღებს იგი ანტიდასავლელისა და მეტიც, პრორუსის იარლიყს.

უახლეს ქართულ ისტორიაში, ერთადერთი ლიდერი და პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია, რომელსაც არ სჭირდებოდა ეკლესიასთან ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირებისათვის, რადგანაც იგი თავად იყო ქართული იდენტობის შემქმნელიც, ნარატორიც და გამომხატველიც. მისი მოღვაწეობის შემდეგ ეროვნული იდენტობის მთავარ აღმსარებლად იქცა საქართველოს ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. გამსახურდიას შემდეგ ყველა ხელისუფალს და თანამდებობის პირს უწევს ეკლესიასთან მიმართებით პოზიციის გამოხატვა.

განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი გახდა ცოტა ხნის წინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის განაყოფი ლიდერები ერთმანეთს წაეკიდნენ რწმენისა და ტრადიციის საკითხებზე. სააკაშვილი, რომელიც ქართული პოლიტიკის მთავარი პოპულისტია, როგორც ჩანს ისევ ამერიკული კონიუნქტურის გავლენის ქვეშ მოექცა და საკუთარი ორიენტაციის შეცვლა ტრამპი-პენსისეული დოქტრინის თანახმად შეცვალა. ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოხატული ქრისტიანული პოზიცია სავარაუდოდ მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა თავის დროზე ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი სააკაშვილისგან. მიმდინარე პოლიტიკურ სეზონზე კი მან საკუთარი სტიგმებისგან გათავისუფლება, თანდაყოლილი ნეგატივის ბოკერიაზე მიბრალების ხარჯზე გადაწყვიტა”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
https://www.youtube.com/watch?v=DTGCl5njbnk&feature=youtu.be&fbclid=IwAR0HqGe_4L9SqnrXBIHxDYUoQuCfg8MD-_9-Mhmx8J-35ver_ZJp4za14Uw

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები