ქანთარია ბოკერიას: მეეჭვება, ვერ ამოეცნე ცხონებულ მოლაშვილს და ბათიაშვილიც არ ცდება, როცა ამბობს, რომ მისი უსამართლო დაჭერის ერთ-ერთი მოთავე იყავით

თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ჩვენმა მოსახლეობამ. ჯერ ერთი, თქვენ დააძრეთ 2012 წელში… მეორეც, გიგა, აი, ამ ვითომ მიმტევებლური რაღაც განცხადებით ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას.

ნუკრი ქანთარია ბოკერიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში პოლიტიკური დევნა და გასამართლებები დაიწყოს “წინასაარჩევნო სტრატეგია-ტრალი-ვალის” უწოდებს და ამბობს, რომ მთავარი დანაშაული ბოკერიას პოლიტიკურ ველზე ყოფნაა.

“ერთ ძალიან კარგ და დიდებულ ამბავს მინდა გამოვეხმაურო. გუშინ თუ გუშინწინ ყური მოვკარი და მერე მოვუსმინე ჩვენი სასიქადულო დეპუტატის, ბატონი ბოკერიას წინასაარჩევნო სტრატეგია-ტრალი-ვალის და სიმართლე რომ გითხრათ, გულზე მომეშვა. მინდა, „ოცნების“ წევრებსაც მივულოცო ეს სასიხარულო ამბავი, რომ თურმე ბატონი ბოკერია მოდის ხელისუფლებაში და არ დაგვიჭერს, მეგობრებო. არ ვიცი, ეს მართლაც დიდი ამბავია. იმიტომ კი არ დაგვიჭერს, დანაშაული არ გვაქვს ან ვეცოდებით – არა, პოლიტიკურად ეს თურმე ძალიან სწორი იქნება და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაიჭერს არავითარი დანაშაულის გამო.

არადა, ჩვენი მთავარი დანაშაული, ვფიქრობ, ის არის, რომ თქვენ და თქვენისთანები, გიგა, ბიძი, დასრიალებთ ისევ პოლიტიკურ ველზე. მე არ ვარ დარწმუნებული და არ ვიცი, სიგარეტი გეჭირა თუ არა, მაგრამ იმდენად სპეციფიკური ხმა გაქვს, რომ ძალიან მეეჭვება, რომ ვერ ამოეცნე ცხონებულ სულხან მოლაშვილს და ირაკლი ბათიაშვილიც არ ცდება, როდესაც ამბობს, რომ მისი უსამართლო დაჭერის ერთ-ერთი მთავარი მოთავე იყავით თქვენ. ასე რომ, ეს გარანტი მშვიდობის და თითქოს მშვიდობის მტრედობა და სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით და ვერც მოსახლეობას ამას ვერ დააჯერებთ, რადგან თქვენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, მოიცვალა ჩვენმა მოსახლეობამ. ჯერ ერთი, თქვენ დააძრეთ 2012 წელში, ეს მინდა გაგახსენოთ. ერთი მხრივ, ამას ჩვენი მოქალაქეები არ დაიჯერებენ და მეორეც, გიგა, აი, ამ ვითომ მიმტევებლური რაღაც განცხადებით ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ პარტიას და იმ პოლიტიკურ ჯგუფს მართლა, ჩემდა თავად, რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები