გიორგი ვაშაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის, “ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45 პროცენტი მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა მაღალი იქნება.

“ყველას, პოლიტიკურ პარტიებს და ძალებს გვაქვს საზოგადოებრივი აზრის კვლევები. 45 პროცენტი, რაც უკვე თქვა კობახიძემ, ეს არის გაბერილი ციფრი, რაც რეალურად მათი რეიტინგი არ არის. თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ მაქსიმალური რესურსი, რაც აქვს “ქართულ ოცნებას“ ფულით, ადმინისტრაციული რესურსით, ეს არის 30 პროცენტი. ასე რომ, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. უბრალოდ, “ქართულად ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა, ამას უნდა შეეგუონ და მოამზადონ ფსიქოლოგიურად საკუთარი თავი, რომ ხალხს უნდა ახალი თაობის მმართველობა, ხალხს უნდა განვითარება და გადავიდნენ ოპოზიციაში, რა პრობლემა.

პოლიტიკური დევნა ქვეყანაში არ იქნება. მათსავით კი არ მოვიქცევით, რომ ვინც გვინდა ციხეში ჩაჯდეს და ვინც გვინდა ქვეყნიდან გავუშვათ. არა, ბატონებო, იქნება სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული მექანიზმებით და ოპოზიცია იქნება დაცული. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, ვეუბნები კობახიძესაც, “ქართული ოცნების“ ლიდერებს არ შეგეშინდეთ. ეს არის ნორმალური პროცესი და ჩვენ როგორც ცივილიზებულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გადავდგათ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი“, – განმარტა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები