“ბოლო კვალზე უკვე ჩოქვით ვასრულებდი მუშაობას” – თბილისელი ქალის მეურნეობა ლაგოდეხში, რომელსაც თვითონვე უვლის

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, ერთ პატარა , ლამაზად მოვლილ მეურნეობას შეხვდებით, რომელიც თბილისელ ქალს, ინგა ლოლაძეს  ეკუთვნის და როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს თავად უვლის.

ინგა ლოლაძის გასაცნობად  “რეგიონული კვირას“ გადამღები ჯგუფი სოფელ ლელიანს ეწვია.

ულამაზეს სოფელში,სადაც ხალხის ნაკლებობა შეიმჩნეოდა,ერთ-ერთი ეზოდან სასიამოვნო ფუსფუსის ხმა მოგვესმა და არ შევცდით,როცა მასპინძელი ჩვენი რესპოდენტი აღმოჩნდა.

ეზოში ინგას თბილისელი სტუმრები შეგვეგებნენ და ჩვენი მოგზაურობა, ამ არც თუ ისე პატარა ნაკვეთშიც საინტერესოდ დაიწყო.ინგამ რთველის პროცესში ჩართვა შემოგვთავაზა , ვენახი დაგვათვალიერებინა და ღვინის დაწურვის პროცესიც საგულდაგულოდ აგვიხსნა.

რა გახდა მისი ლაგოდეხში დაბრუნების მიზეზი და მთავარი მოტივატორი კი მისი პასუხი იყო – მოგონებები!

ინგა,როდის გადაწყვიტეთ ლაგოდეხში საკუთარი ,მცირე მეურნეობის წამოწყება?

-პირველ რიგში ცრურწმენას არ დააბრალოთ,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მამა, ბაბუა და ბებია მხედავენ და ხედავენ,რომ მაქსიმალურად ვცდილობ,მათი დანატოვარი კარმიდამო არ განადგურდეს. მეორე – ძალიან მაღიზიანებს გამოსვლები, საუბრები,რომ გლეხობა ტეხავს.ნამდვილად არ ტეხავს, გლეხობაზე მაგარი არაფერი არ არის! სუფთა ჰაერი,ჯანსაღი პროდუქტი,ხალასი ურთიერთობები,ეს სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის და მესამე – ოდნავ თუ არ გეზარება ადამიანს ხელის განძრევა,ნამდვილად არ მოგშივდება ადამიანს და იცხოვრებ ძალიან მაგრად !

გიჭირთ ფიზიკურად მუშაობა ?

ამას შრომა არ ვეძახი,ეს არის მუშაობა,საკმაოდ რთული ფიზიკურად, მაგრამ ესეთი დასვენებული და ესეთი ჯანმრთელი ნამდვილად არა ვარ თბილისში.

რაც შეეხება რთველს,როგორც ვხედავთ საკმაოდ უხვია მოსავალი,მარტომ შეძელით მიწის და ვაზის დამუშავება?

ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ,ვენახის გასხვლა, შეწამვლა, გადაკავება და გაფურჩქვნა, მარტომ შევძელი. გავავსებდი ხოლმე 16 ლიტრიან შესაწამლ აპარატს,მოვიკიდებდი ზურგზე და მხნე ნაბიჯებით მივუყვებოდი 9 კვალ ვაზს,მეოთხე კვალზე ნაბიჯები ნელდებოდა, ყოველ მომდევნოზე უფრო და უფრო და მეცხრე და ბოლო კვალზე უკვე ჩოქვით ვასრულებდი მუშაობას.

ხომ არ გიფიქრიათ საცხოვრებლად სოფელში გადმოსვლა?

სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, მაგრამ ჩემი შვილი დაუნის სინდრომის მატარებელია, სწორედ მისი საჭიროებები მოითხოვს თბილისში ცხოვრებას.

როგორ გაიხსენებდით თქვენი უმცროსი გოგონას დაბადებას და მის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას?

2009 წელს შემეძინა გოგონა დაუნის სინდრომით,მიუხედავად სტრესული სიტუაციისა,მდგომარეობიდან მალევე გამოვედი.

როგორც ვიცი,თქვენ ამ დროს საქართველოში არ ცხოვრობდით.

არა, ნინო ვარშავაში შემეძინა.პოლონეთში 25 წელი ვცხოვრობდი და საქართველოში პერიოდულად ჩამოვდიოდი, ძირითადად მაშინ, როცა ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებს ვკარგავდი და მათ ცხოვრების ბოლო გზაზე ვაცილებდი.

როდის გადაწყვიტეთ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება ?

2010 წელს დედა დამეღუპა, საქართველოში ცხოვრება 6 თვის მანძილზე მომიწია.მივხვდი რომ აქ საბოლოოდ უნდა დავბრუნებულიყავი,თან ვფიქრობდი რომ არ არსებობდა არანაირი რესურსი,ჩემი შვილისთვის რომ მიმეწოდებინა.მაშინ საქართველოში შშმ ბავშვებისთვის რეაბილიტაციის საშუალება არ იყო,თუ იყო და კოლოსალური თანხები გჭირდებოდა. მაშინ  გადავწყვიტე დამეფუძნებინა ორგანიზაცია „მზის შვილები“! 4 წელი პოლონეთიდან ვამუშავებდი ამ ორგანიზაციას ,მაქსიმალური ჩავდე,რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების პოპულარიზაცია მომეხდინა საქართველოში .

გქონდათ თუ არა მხარდაჭერა საქართველოდან ?

-ვარშავაში გავაკეთე ფოტო გამოფენა და სხვათაშორის „კვირა“ იყო მხარდამჭერი ,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მყავდნენ მოწვეული, ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა.ანა ჩანგიანის და ზალიკო ბერგერის ტანსაცმლის და ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვაც მქონდა,სადაც მათ შემოსული თანხა,მთლიანად ჩემს მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში გადარიცხეს.

2014 წელს ინგა ლოლაძეს მამა გარდაეცვალა,და დაკრძალვაზე ჩამოსვლა უმცროსი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო,რაც ორგანიზაციის დამფუძნებლისთვის საქართველოში ,საბოლოოდ ჩამოსვლის მიზეზი გახდა. ის აპირებს ბავშვობის მოგონებები რეალობად აქციოს და მამისეულ კარმიდამოს ბოლომდე მიხედოს.

ინგა,რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ტოვებს და ყურადღების მიღმა რჩებათ სახლები და ნაკვეთები?  

აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ ახალგაზრდები სოფელს.რამდენიმე სახლი,ჩემს გვერდზე მიტოვებულია,მეზობელი იტყვის ხოლმე,რომ ჩამოხვალთ აჟრიამულდება უბანიო,სხვებიც უნდა ჩამოვიდნენ შეიძლება მუდმივად არ დარჩნენ სოფელში, მაგრამ კვირაში ორი დღე უნდა გამოყონ სამოთხეში ყოფნისთვის!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები