გურამ ნიკოლაშვილი: გერმანიის როლი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელების პროცესში საკვანძოა

გერმანიის პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის ფორმატების გაფართოების საკითხს, დადებითად გამოეხმაურა – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ “იმედის” “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

“სულ ახლახან, ბათუმში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართა, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიულერიც ეწვია. გერმანია ისტორიულად განსაკუთრებული ქვეყანაა საქართველოსთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ის ჩვენი აქტიური მხარდამჭერია. ორმხრივი ურთიერთობები ბოლო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა. საქართველოს ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, ახლა კი პრეზიდენტი შტაინმაიერი. გერმანიის პრეზიდენტი აქტიურ ფიგურას წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი გვარი განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში, უკრაინის ტერიტორიული კონფლიქტის კონტექსტში გაჟღერდა. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყნის მხარდაჭერა. მისი როლი საკვანძოა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელების პროცესში, ასევე ქვეყნის განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე”,- განცხადა ნიკოლაშვილმა.

​მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები მიმდინარეობს.

“ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარეობს. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში ეკონომიკური გუნდის თანხლებით იმყოფება. ყველაზე საინტერესო იყო მისი კომენტარი საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით. შტაინმაიერის განცხადებით, „ამას სჭირდება ხანგრძლივი და გრძელვადიანი, მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები”. მისი თქმით, სხვა რაიმე განსაკუთრებული და სპეციალური წინადადება მას არ ჩამოუტანია, რაც ნიშნავს რომ ამ ეტაპზე შტაინმაიერის ფორმულა საქართველოსთვის არ არსებობს. ამასთანავე, იგი დადებითად გამოეხმაურა რუსეთთან დიალოგის ფორმატების გაფართოების საკითხსაც. გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს წინასწარ დაგეგმილი საპასუხო ვიზიტით ეწვია და შეხვედრები გამართა საქართველოს ყველა მაღალი თანამდებობის პირთან” – განმარტა გურამ ნიკოლაშვილმა.

თბილისში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად, გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები