თამთა მეგრელიშვილი: სახელმწიფო განვითარების სწორ გზას ადგას

სახელმწიფო განვითარების სწორ გზას ადგას, ქმნის ისეთ ღირებულებათა სისტემას რომელიც პოლიტიკურ არენაზე პირთა ცვლაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თამთა მეგრელიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგ კვლევას ეხმაურება.

“გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით 214 ქვეყნისა და ტერიტორიის, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფოს შეფასება ხდება და მიღებული რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მაჩვენებლები იდება. სწორედ ამ მაჩვენებლებით ხდება ქვეყნის მიმართულებისა და განვითარების დონის შეფასება საერთაშორისო ასპარეზზე. 2019 წლის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევის მონაცემებით საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია!!! კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, ორგანიზაცია Transparency International (TI – საერთაშორისო გამჭვირვალობა) სპეციალური გამოკვლევა. აღნიშნული კვლევით სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდა სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელს მსოფლიოში, შემდეგი სამი მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგი დადო საქართვლომ, როცა შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 93 პროცენტი მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა! საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ჰონგ კონგი, საქართველო. სახელმწიფო განვითარების სწორ გზას ადგას, ქმნის ისეთ ღირებულებათა სისტემას, რომელიც პოლიტიკურ არენაზე პირთა ცვლაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული! ვქმნით სახელმწიფოს, რომელიც ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში შეინარჩუნებს ინსტიტუციურ მდგრადობას! საერთაშორისო ასპარეზე კი შეუმჩნეველი არაფერი რჩება“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, 2019 წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო “კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას.

კვლევა, რომელიც “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელ მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. შემაჯამებელი შეფასების 100-პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები