გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილი მამუკა ხაზარაძეს მამის ქონების მითვისებაში ადანაშაულებს

“არ მინდა, პირში წყალი ჩავიგუბო და ხალხმა ხაზარაძისა და ჭყონიას სიტყვები ირწმუნოს. დიახ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად გადის მათი უსინდისობის ზღვარი და რამდენად საშიში პიროვნებები არიან. ამ ადამიანებმა თავიანთი პარტნიორი თემურ ყორშია გაიმეტეს და რიგით ადამიანებს ხომ, საერთოდ, ჭიანჭველასავით გასრესენ. თუ ისეთი ვაჟკაცები არიან, როგორადაც თავს წარმოაჩენენ, ჯერ თავიანთ წარსულს გადახედონ, აღიარონ, რაც გაუკეთეს მამაჩემს და მერე ილაპარაკონ აწმყოზე”, – ამის შესახებ გარდაცვლილი ბიზნესმენის თემურ ყორშიას შვილი ლაშა ყორშია საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
როგორც “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ყორშია აღნიშნავს, მამუკა ხაზარაძემ მისი ოჯახის ქონება მიითვისა.

“დიახ, პარადოქსია- თავისი მოძრაობა “ლელო” მამუკა ხაზარაძემ “ანაკლიაში” სწორედ ჩემი ნაკვეთის საზღვართან წარადგინა, რომელიც მამამ რამდენიმე ათეული წლის წინათ იყიდა, იმ იმედით, რომ სიბერეს ზღვის სანაპიროზე მშვიდად გაატარებდა… მამას ზურგი აქცია თემურ ჭყონიამაც, დღეს ხაზარაძესთან ერთად ბიზნესის შევიწროებაზე, რომ ლაპარაკობს. 2011 წელს, როცა მამა გარდაიცვალა, იმის ნაცვლად რომ ხაზარაძეს ოჯახის ინტერესები გაეთვალისწინებინა, ჩვენი ქონება მიითვისა, მეგობარი და კომპანიონი, ფაქტობრივად გაძარცვა, სააკაშვილის ხელისუფლებას კი დანაშაული ჩამორეცხა”, – განმარტა გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილმა.

მისივე თქმით, თემურ ჭყონია და მამუკა ხაზარაძე ყველაფრით და ყველაფერზე ვაჭრობენ.

“ჭყონიასაც და ხაზარაძესაც მინდა, ვკითხო დღემდე რომ თვალთმაქცობთ, თემურ ყორშიას სულის წინაშე არ გრცხვენიათ?! როგორ იღებთ ბიზნესის შევიწროებაზე ხმას მას შემდეგ, რაც თავად გაუკეთეთ თქვენს კომპანიონს? პირდაპირ ვეუბნები ხაზარაძესაც და ჭყონიასაც, რომ არაკაცები არიან, რომლებიც ყველაფრით და ყველაფერზე ვაჭრობენ!,”- აცხადებს ლაშა ყორშია.

ის საქმის გამოძიებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ საქმეზე რამდენიმე სერიოზული მოქმე ჰყავს.

ხუთ წელზე მეტია, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დღემდე არ არის გამოძიებული, მეტიც ოჯახს იმის შესახებაც არ გვაქვს ინფორმაცია. შეწყვეტილია თუ კვლავ მიმდინარეობს ძიება. დღემდე არცერთი ჩვენგანი არ დაკითხულა. მყავს რამდენიმე სერიოზული მოწმე, რომლებიც ნათელს მოჰფენენ ამ სისხლის სამართლის საქმეს. ეს მოწმეები ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობენ თემურ ჭყონიასა და მამუკა ხაზარაძეზე. აქვე, მინდა პირადად მივმართო თეა წულუკიანს, რომელთან ერთადაც მიწევდა ბრძოლა 2012 წელს და რომლის უწყებაც დღეს პროკურატურის ზედამხედველია – უბრალოდ მორალური უფლება არ გაქვთ, ასეთი საქმეები დაივიწყოთ! მათქმევინეთ სიმართლე! შეურაცხყოფილი ვარ ხაზარაძის გამოსვლებით და მზად ვარ, სამართალდამცავებთან ვითანამშრომლო”, – აცხადებს ლაშა ყორშია.

გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, “ოქროს ფაქტებს” მომავალში გაამხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები