გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას (Deputy DCOS Security Assistance) დაიკავებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.
“ავღანეთში გამგზავრებამდე ბრიგადის გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავას საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში (ქაბული) საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას პირველად დაიკავებს. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სამხედრო მართვის რგოლი ტრადიციულად ნატო-ს წევრი ქვეყნების უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობიდან კომპლექტდება.
​ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციის მართვის პროცესში ქართველი გენერლის ამოცანას წვრთნების, რჩევისა და დახმარების ღონისძიებების (Training Advising Assisting) უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და ნატო-ს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელს შორის მჭიდრო სამხედრო-დიპლომატიური კავშირების განმტიცებაზე იქნება პასუხისმგებელი. ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მზადყოფნის ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე საერთაშორისო მრჩევლების მუშაობას კოორდინირებასა და კონტროლს გაუწევს”,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები