თეა წულუკიანი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ „დეპორტირებულების საქმეზე“ გადასახდელი კომპენსაცია მათი უპირობო ვალდებულებაა

“გუშინდელი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციას შეახსენა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 10 მილიონი ევროს მორალური კომპენსაციის ჩარიცხვის გადახდის თაობაზე რუსეთისთვის შესასრულებლად უპირობო ვალდებულებაა და ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს უმოკლეს ვადებში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე კომენტარისას აღნიშნა. მისი თქმით, საკითხის მომდევნო განხილვა დეკემბერში გაიმართება.

​„გუშინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდის საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატების დროს, რომელიც გუშინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე შედგა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობები. ისინი ითხოვდნენ, რომ ან ვადა გადაწეულიყო თანხის ჩარიცხვისთვის, ან სხვა რაიმე შეღავათი მისცემოდათ მათ. მინისტრთა კომიტეტმა სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები.

ძალინ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმას, რომ ამ საკითხის მომდევნო განხილვა შედგება არა გაისად, არამედ წლის ბოლოს მინისტრთა კომიტეტის მომდევნო სხდომაზე, დეკემბერში. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს დავას იმისთვის, რომ ამ რამდენიმე მომდევნო თვეებში მივაღწიოთ შედეგს, ევროსაბჭოს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები