საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციას ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ საერთშორისო მედია ეხმაურება

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.
„ქართულმა პოლიციამ საქართველოში ბავშვთა ტრეფიკინგის წრე დაშალა და მისი წევრები დააკავა. დაკავებულებს შორის არიან ამ საქმიანობაში ჩართული 10-მდე გოგონას მშობლები, რომლებიც, პოლიციის თქმით, ფოტოგადაღების სანაცვლოდ, 500- დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ (247$-დან 1484$ მდე). დაკავებულებს შორის, ასევე, არის 1 ამერიკის და 1 ავსტრალიის მოქალაქე“, – წერს „როიტერი“.
გამოცემა „როიტერი“ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავების შესახებ ავსტრალიის პოლიციის ფედერალური აგენტის – ვენდი რიქსის განცხადებასაც აქვეყნებს, რომელიც მან თბილისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა: „აღნიშნული დანაშაულებრივი დაჯგუფების გაუვნებელყოფას მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო დონეზე.“
გამოცემა სტატიაში აშშ-ის ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც კეროლ სმოლენსკი აღნიშნავს: „გლობალური ქსელების მოხერხებულობამ შექმნა „უხილავი კრიზისი“, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო გადაუდებელ მოქმედებებს. საერთაშორისო ქსელები სარგებლობენ მოწყვლადი ოჯახებით, იყენებენ ახალგაზრდებს, იღებენ სექსუალურ ფოტოებს, აზიარებენ ან ყიდიან სურათებს მთელ მსოფლიოში. ეს უხილავი კრიზისია, რომლის მოგვარებაც ყველა მთავრობამ და ყველა მოქალაქემ უნდა დაიწყოს.“
ქართველი სამართალდამცველების მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებას ავსტრალიული მედიაც ეხმიანება. ABC-ის ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოში 11 პირი დააკავა, რომელთა შორის არის ავსტრალიის მოქალაქე. „საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ეს იყო ევროპოლთან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებთან ამ ტიპის ერთობლივი მუშაობის ყველაზე დიდი შემთხვევა“, –  წერს გამოცემა.

სტატიის ლინკები: https://www.reuters.com/article/us-georgia-trafficking-sexcrimes/georgian-police-arrest-11-in-child-trafficking-crackdown-idUSKBN1W42JU?fbclid=IwAR1YVkniozF8Glwb_aOudjRNlSHig1WA4giLYWMsd2_Q0LHNP9vOgjqZYRQ

https://mobile.abc.net.au/news/2019-09-20/australian-arrested-in-georgia-after-child-trafficking-ring-bust/11531194 

კომენტარები

კომენტარი