“კაციშვილი არ შემხმიანებია” – გუგუტიანთკარელი გივი რაზმაძე ხაზარაძის “ლელოს” სიცრუეში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები გივი რაზმაძე, რომელიც სეპარატისტების მიერ მავთულხლართების დამონტაჟების გამო იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაენგრია, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში “თიბისი ფონდის” მიერ მისთვის ხის კოტეჯი ჩაიდგმება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელომ” განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ოჯახისთვის კოტეჯი უკვე შეკვეთილია.

“ეს სახლი შეკვეთილიც არის და გამზადებულიც. თვითონ რაზმაძეებთან გვაქვს კომუნიკაცია და განცხადებას ცოტა ხანში გავაკეთებთ. რა ვადებიც იყო ნათქვამი და რა დროც დასჭირდა კოტეჯის გაკეთებას, ეს პერიოდი იყო გამოყენებული ამისთვის. ერთადერთი ფართის საკითხია გასარკვევი. საკმაოდ კომფორტული კოტეჯი აიწყობა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც რაზმაძეები მოიწონებენ. თვითონ სახლი უკვე გამზადებულია და საჭიროებს ადგილზე განთავსებას”, – ნათქვამია “ლელოს” პრესსამსახურის განცხადებაში.

გივი რაზმაძე კი “კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მას ამ საკითხზე არავინ შეხმიანებია. მისივე თქმით, როდესაც სახლს ანგრევდა, კოტეჯის აშენებაზე მაშინ იყო საუბარი, თუმცა თვენახევრის შემდეგაც არავინ დაკავშირებია.

“იმ ამბების მერე არავინ დამკავშირებია. არ ვიცი, რა ხის კოტეჯზეა საუბარი. როდესაც ჩემი სახლის დანგრევა დავიწყე, მაშინ გაჟღერდა ეს საკითხი. იმის მერე თვეზე მეტი გავიდა და კაციშვილი არ შემხმიანებია“, – ამბობს რაზმაძე.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, რომელზეც სავარაუდოდ, კოტეჯი უნდა დაიდგას, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში “კვირას” უთხრეს, რომ არც კერძო პირს და არც რომელიმე ორგანიზაციას რაზმაძის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთი გამოყოფის თხოვნით არ მიუმართავს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, ამ დრომდე, რაზმაძეების ოჯახისთვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით არც კერძო პირს და არც რომელიმე ორგანიზაციას არ მოუმართავს”, – ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ  უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, აგვისტოს თვესი სოფელ გუგუტიანთკარში რაზმაძეების სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, რის გამოც გივი რაზმაძე იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაენგრია და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები