ზაზა გაბუნია: პროპორციული სისტემა არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის, ამით პოლიტიკა ფეთქებადობიდან გადავა მშვიდ, საქმიან და პროფესიონალურ სტანდარტებზე

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივებს მიმართა.

“ჩვენ, საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი ტრადიციები გვაქვს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, საქართველოში არჩევნები ტარდებოდა მაღალი სტანდარტებით, სადაც როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობდნენ, როგორც კაცები, ისე ქალები და უმცირესობები. დღეს კი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ნაბიჯი, რომელსაც დემოკრატიის სასარგებლოდ, ხელისუფლება ვდგამთ, არის ისტორიული და უაღრესად სასარგებლო ქვეყნის ყველანაირი განვითარების გზაზე, რადგან დემოკრატიის ხარისხი თავს იჩენს ცხოვრების ყველა სფეროში. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც უნდა მოიქცეს ეროვნული ხელისუფლება – ქვეყნის შენების საქმისთვის ვეძახით ყველას, ვისაც ამის შნო აქვს და ამისთვის გარჯა შეუძლია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკა არ იყოს დეპრესიული, რომ ის გახდეს უფრო საქმიანი და პარტიებმა უპასუხონ საზოგადოების დაკვეთას, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შენების საქმეში. ეს არის ახალი სუნთქვა ქართული დემოკრატიისთვის. ამით, პოლიტიკა ფეთქებადობიდან გადავა მშვიდ, საქმიან და პროფესიონალურ სტანდარტებზე, რადგან ხალხს სჭირდება არა ხმის ჩახლეჩამდე მყვირალა პოლიტიკოსები, არამედ საქმის მკეთებლები. საქმე კეთდება პარლამენტში და ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად გაზრდის პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობას, შედეგად, ქვეყანა ხდება უფრო მშვიდი.

ამომრჩეველი, რომელიც უაღრესად დიდ პატივს სდებს პოლიტიკურ ძალას, მიდის და მის სახელს შემოხაზავს ბიულეტენში, იმსახურებს მისი ინტერესებისთვის ბოლომდე დაიხარჯოს პოლიტიკური ძალა, რომ მოემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესს. ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება პოლიტიკური სუბიექტებისთვის მაქსიმალურად თანასწორი საარჩევნო პირობების უზრუნველყოფა. ყველაფერი იზომება, მით უმეტეს, მხარდაჭერა და ეს აქტი იძლევა შესაძლებლობას, რომ პრაგმატულად, რაციონალურად იქნას წარმართული პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, რაც ქვეყნის ყველა გულშემატკივრის მიზანია.

ამასთან ერთად, ამ იდეას აქვს თავისი პრაქტიკული უპირატესობებიც, მაგალითად, ხარჯების დაზოგვა, რადგან აღარ გახდება საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა და სხვა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და გილოცავთ ყველას, რომ ქართული დემოკრატიის ახალ საფეხურზე ასვლის მონაწილეები ხართ” , – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრაში, რომელიც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილებდნენ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები