საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლორა კუპერს შეხვდა

​საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს უმასპინძლა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-სთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი ის მთავარი საკითხები იყო, რომლებიც თავდაცვის მინისტრმა ლორა კუპერთან განიხილა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხი განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ლორა კუპერს აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება და მრავლისმომცველი გახდება.
„სამომავლო თანამშრომლობის შესანიშნავი დღის წესრიგი და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ეფუძნება და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მოუთმენლად ველი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლორა კუპერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები